გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი თავდასხმისას დაზარალებული "მთავარი არხის" ჟურნალისტის დაკითხვა დასრულებულია.
გამოძიებამ ჯეიჰუნ მუჰამედალის შემთხვევის დეტალები გამოჰკითხა და დაინტერესდა იცნობდა თუ არა თავდამსხმელებს და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კონფლიქტში.
როგორც დაზარალებული ამბობს, დაკითხვაზე ეთერში გასული კადრები გაარჩიეს, თავად პოლიციას კი როგორც ირკვევა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ აქვს.
სტანდარტული კითხვები დამისვეს - როგორ და სად მოხდა დაპირისპირება. გამოძიებამ ჯერ არ იცის თავდამსხმელების ვინაობა, თუმცა მე ექსპერტიზას ყველა საჭირო მტკიცებულება უკვე გადავეცი, - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი.
ჟურნალისტზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს - ამბობს ადვოკატი დითო საძაგლიშვილი, თუმცა მას არ აქვს იმედი, რომ საქმე ბოლომდე მივა და დამნაშავეები დაისჯებიან.
ადვოკატის თქმით, დაკითხვაზე გაირკვა, რომ დაპირისპირების ადგილას, სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის:
პოლიცია ადგილზე იყო და ეს საქმე არ არის რთულად გამოსაძიებელი. სიმართლე გითხრათ, მაინც არ გვაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ეფექტური იქნება, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს დაესხნენ თავს. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.
მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.