
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ პაშინიანი, ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმდებების შეწყვეტა მხოლოდ თურქეთის კონფლიქტიდან გასვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ თემაზე მან Reauters-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
დარწმუნებული ვარ, რომ სანამ თურქეთის პოზიციები უცვლელი რჩება, მანამდე აზერბაიჯანი ცეცხლს არ შეწყვეტს, - ამბობს პაშინიანი.
სომხეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დიდი ხნით არ შეეგუება ჰუმანიტარულ შეთანხმებას, რადგან მისი მიზანი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხების გასახლებაა.
თურქეთი სამხრეთ კავკასიაში იმავე პოლიტიკას აწარმოებს, რასაც - ხმელთაშუაზღვისპირეთში საბერძნეთისა და კვიპროსის წინააღმდეგ. ასევე, ლიბიაში, სირიასა და ერაყში. ეს არის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, - თქვა პაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს. სომხეთში კი ფიქრობენ, რომ თურქეთის გააქტიურების შემთხვევაში, დაპირისპირებაში რუსეთიც ჩაერთვება.
10 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.
დღეს, 13 ოქტომბერს, ორივე მხარემ ტერიტორიების დაბომბვის შესახებ განცხადება გაავრცელა. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.