საზავო შეთანხმების ამოქმედებიდან 5 წუთში ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

გამოქვეყნდა:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში ამ დრომდე გრძელდება. 

აშშ-ს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 08:00-დან უნდა შესულიყო, თუმცა, აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით,  08:05-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლაჩინის რეგიონის სოფელ საფიანში ცეცხლი გახსნეს.

მოგვიანებით, საბრძოლო მოქმედებები კიდევ 10 რეგიონში განახლდა. მათ შორისაა: თოვუზის, გადაბაის, დაშკესანის, ბერდის, ჩამბარაკის, ვარდენისის, ტარტარის, აღდამის, ფიზულისა და გუბადლის რეგიონები. 

თავის მხრივ, სომხეთი შეთანხმების დარღვევას უარყოფს და ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. 08:00-ზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, Twitter-ზე დაწერა, რომ ემორჩილება აშშ-ში მიღწეულ საზავო შეთანხმებას და აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედების მიუხედავად, არ აპირებს საბრძოლო მოქმედებების განახლებას.

"პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, სომხური მხარე მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს", - წერს ნიკოლ პაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი