"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საქართველო დიდი საფრთხის წინაშეა, ამიტომ ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა ერთმანეთისადმი წყენა გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ.
"აქ სხვადასხვა დროშა კი ფრიალებს, მაგრამ ერთ საქმეზე ვართ მოსულები. ერთი დარდი გვაქვს, ერთი სატკივარი გვაქვს და ერთი მიზანი გვაქვს საბრძოლველად - თავისუფალ, ნორმალურ, წესიერ, პატიოსან ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ და ვაცხოვროთ ჩვენი შვილები", - ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის წევრების ბრძოლა სამართლიანია, რადგან ისინი ობიექტურ და პატიოსან არჩევნებს ითხოვენ. "მოქალაქეების" ლიდერმა პოლიციელებს და სუს-ის თანამშრომლებსაც მიმართა და თქვა, რომ ბრძოლა მათი შვილების მომავალსაც ეხება.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.
თბილისში შეკრებილ მოსახლეობას უკვე მიმართეს ელენე ხოშტარიამ, გრიგოლ ვაშაძემ, დავით ბაქრაძემ, მამუკა ხაზარაძემ, შალვა ნათელაშვილმა.