საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს Live რეჟიმში პასუხობს, მანამდე კი საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ დეჟა ვუს განცდა აქვს.
"ბევრი რამ, რაც ახლა ხდება, ჩემთვის არის ვარდების რევოლუციის დეჟა ვუ და კერძოდ, რა: სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლა, საელჩოს მხრიდან მედიატორის როლი და ზოგიერთის რიტორიკა, რადგან შევარდნაძეც ასე იძახდა, ვინ არის ამათი გადასაყენებელიო...
ზოგიერთის რიტორიკა მეცნობა, ზოგიერთის სახეები, მაგალითად, ვოლსკი მაშინაც იყო და ახლაცაა, რეზო არველაძე როა, მაშინაც იყო და ახლაცაა", - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალინდელ აქციაზე მივიდნენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის პროტესტი, რომელიც მსოფლიო პრესის რადარებზე უნდა მოექცეს, მისი თქმით, საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღესაც.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოდის.
დღეს, 13 ნოემბერს კი, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი თქვა ოპოზიციის საჩივრების განხილვაზე და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კი ფრაზით "თქვენი გადაყენებული არ გაიშვას" ცინიკური პასუხი გასცა ოპოზიციის მოთხოვნას და საქართველოში არჩევნების მეორე ტური დანიშნა.
აქვე შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთ აქციას გამართავს გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად.
აქვე გეტყვით, ნიკა მელია აცხადებს, რომ რეჟიმი ცარიელი რუსთაველის გამზირის ნახვას ვერ ეღირსება, ხოლო გიგა ბოკერიას თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში გაათმაგდა იმ უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა.