"საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ათასობით ქართველმა დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ" - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სტატიაში წერია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც ვაშინგტონი ტრადიციულად უჭერს მხარს, მათ შორის, სამხედრო დახმარებით.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ათასობით ადამიანმა ქალაქის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი შექმნა.
"აქტივისტებს ხელში უჭირავთ საქართველოს ეროვნული დროშა და პლაკატები წარწერებით: აშშ - მადლობა ჩვენი თავისუფლებისთვის! რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა! აქტივისტები მმართველი პარტიის ხელმძღვანელზე, ბიძინა ივანიშვილზე, მიუთითებენ, რომელმაც თავისი კარიერა რუსეთში, 1990-იან წლებში შექმნა", - წერია სტატიაში.
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ და ამომრჩევლის ხმების მოპარვაში, დამკვირვებლების მიმართ მუქარაში და ხმების დათვლის დროს დარღვევებში ადანაშაულებს. რვა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ", პარლამენტს უკვე ბოიკოტი გამოუცხადა.
სტატიაში ასევე ოფიციალურ ვიზიტებზე წერია, რომელიც სახ. მდივანმა თბილისში ყოფნისას გამართა.
"გიორგი გახარიასთან ვიზიტისას პომპეომ აღნიშნა, რომ "აღიარებს იმ ტკივილს და სირთულეს, რომელიც ქვეყნის რუსულ ოკუპაციასთანაა დაკავშირებული". მაიკ პომპეო 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე მიუთითებდა", - ვკითხულობთ სტატიაში.
ამასთან, პომპეომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რათა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.
პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.
ამის პარალელურად კი, ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.