აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმანეტმა მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ში გამართული ბრიფინგის ტრანსკრიპტი გაავრცელა, სადაც საუბარია საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ უნდობლობაზე.
"სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ადამიანს სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა არ აქვს. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც განვითარების პროცესს ახლა გადიან. მიუხედავად მცდელობისა, ოპოზიციის წევრებს არ სჯერათ, რომ ეს ინსტიტუტები პროცესებს მართლაც საჭიროებისამებრ გადახედავენ, ამიტომაც, ისინი არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამოდიან", - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს საარჩევნო რეფორმა "არასაკმარისად ძლიერად და ქმედითად" შეაფასეს.
"ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებში ვნახეთ, ზაფხულში მიღებულ საარჩევნო რეფორმაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, რაც ცხადყოფს, რომ საარჩევნო რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი და ქმედითი, როგორიც იქნებოდა, ცვლილების პროცესში ისინიც ჩართული რომ ყოფილიყვნენ", - ვკითხულობთ ტრანსკრიპტში.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის გაუმართაობას პროცესები ჩიხში შეჰყავს.
"საქართველოში მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა რომ არსებობდეს, ის პრეტენზიები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა, სასამართლოში გადაწყდებოდა და ხალხს ამ ინსტიტუციისადმი ნდობა ექნებოდა. ახლა ეს საკითხები ჯერ "ცესკოში" მიდის და შემდეგ შეიძლება გადაინაცვლონ სასამართლოში. ზოგიერთი საქმე ოპოზიციის წევრებმა უკვე მიაწოდეს სასამართლოს, მაგრამ იმის გამო, რომ მათ არც "ცესკოს" და არც სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ, თავს ჩიხში გრძნობენ", - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
აქვე შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.
პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.
ამის პარალელურად კი, ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.