პანდემიის, შეზღუდვებისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების მიუხედავად საქართველოში მოსახლეობის ერთი ნაწილი ღია ცის ქვეშ, საახალწლო შუშხუნებით შეხვდა ახალ წელს.
31 დეკემბერს საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ერთი ღამით მოიხსნა, რასაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხმრავლობა მოჰყვა.
ახალი წლის ღამეს არც მოსახლეობის მიერ გასროლილი ფეირვერკების გარეშე ჩაუვლია.
სწორეთ პიროტექნიკით დაზიანდა რუსთაველზე მდგარი ის ნაძვის ხე, რომლისთვისაც ტოტების ჩამატებაში, მერმა კალაძემ, 104 000 ლარი დახარჯა.
ცეცხლი გაუჩნდა გორში, მთავარ მოედანზე მდგარ ნაძვისხესაც, რომელიც მთლიანად დაწვას სახანძრო ბრიგადის დროული რეაგირების შედეგად გადარჩა.
უვნებელი ნაძვის ხის სანახავად კი სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეები პირად რეზიდენციაში Facebook პოსტით დაპატიჟა.
მანვე საახალწლო მილოცვაში საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას "მშვიდობის კუნძული" უწოდა და მადლობა თავდაცვის ძალებს გადაუხადა. ახალი წელი მოსახლეობას პრემიერმა გახარიამაც მიულოცა.
შუშხუნებით განათდა საახალწლო ცა ბათუმშიც.
წინა წლებისგან განსხვავებით წელს თელავში საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილი არ იყო, თუმცა ახალგაზრდებმა ახალი წელი ქალაქის მთავარ ნაძვისხესთან მაინც აღნიშნეს.
საახალწლო დეკორაციებითა და განათებებით მორთეს ბორჯომიც.
ფეირვერკებისა და კონცერტის გარეშე შეხვდა ახალ წელს ქუთაისი, სადაც არც ალილო მოეწყო და არც საახალწლო ბაზრობა ჩატარდა.
მათთვის, ვინც ახალი წლის ღამის სახლში გატარება გადაწყვიტა, თბილისის მერიამ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, დისტანციური კონცერტი გამართა, რომელის დიდ ეკრანზე გასაშუქებლად 216 000 ლარი დახარჯა.
საახალწლო კონცერტი გაიმართა "მთავარის" მაყურებლისთვისაც.
ხოლო ის, თუ როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ წელს იხილეთ აქ.