გენერალურ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე იმყოფება. მისი დაკითხვა საათზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურამ დღეს გაავრცელა ფარული ვიდეო ჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ ივერი მელაშვილი მალხაზ მიქელაძესთან საუბრისას ერთ-ერთ მომენტში ბადრი ბიწაძის ვინაობას ახსენებს.
ბიწაძე 2004-2008 წლებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო, გარდა ამისა ის იყო სადელიმიტაციო კომისიის წევრიც.
რა კითხვები აქვს მასთან საგამოძიებო უწყებას ჯერ უნცობია.
დღეს, 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, გუშინ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.