კორონავირუსის ვაქცინების შემოსვლამდე საქართველოში ამავე ვაქცინებისთვის შემოსულმა შპრიცებმა, შესაძლოა ვაქცინის ამპულიდან ხსნარი სრულად ვერ ამოიღოს და დოზები დაიკარგოს.
ირკვევა, რომ Pfizer–ის ვაქცინის შუშიდან, შესაბამისი შპრიცის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა ვაქცინის 6 დოზის ამოღება. აქამდე კი, ითვლებოდა რომ მხოლოდ 5 დოზის ამოღება შეიძლებოდა.
"დეფიციტური Pfizer–ის ვაქცინის შემთხვევაში დაკვირვებულმა თვალმა აჩვენა, რომ 5 დოზიანი ვაქცინის ამპულა სინამდვილეში შეიცავს 6 დოზა ვაქცინას, ეს რას ნიშნავს ჩვენთვის – თუ კი ჩამოვა 1000 დოზა ვაქცინა, ჩვენ თუ გავაკეთებთ ვაქცინაციას იმ შპრიცით, რომელსაც შეუძლია ამ ამპულიდან 5 დოზის ამოღება, ნიშნავს რომ ერთი დოზა თითო ამპულიდან იკარგება" – ამბობს ენმ–ს ახალი წევრი გიორგი ჩალაძე
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი თავის სტრატეგიულ გეგმაში ჩაწერა რომ გაიზარდოს ისეთი შპრიცების წარმოება, რომელთა საშუალებითაც ვაქცინის არცერთი დოზა არ დაიკარგება. FDA-მ მსგავსი შპრიცების წარმოების ნებართვა უკვე გასცა.
ჯანდაცვის სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებენ, რომ შეიძინონ ისეთი შპრიცები, რომ ვაქცინების დოზები არ დაიკარგოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუნაწილდეს.
გარდა ამისა, დღეს ჯანდაცვის ექსპერტებმა ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცედურის შესახებ განცხადებითაც მიმართეს – მათ "ქართულ ოცნებას" დახმარება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
ცნობისთვის, ვაქცინაცია ამ დროისთვის 81 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის აზერბაიჯანში ბანგალდეშში და პაკისტანში, ბლუმბერგის ინფორმაციით აცრილი მოსახლეობის რაოდენობით ისრაელი ლიდერობს. საქართველოში ვაქცინები ჯერ არ შემოსულა, ხოლო რაც შემოვა პირველად სამედიცინო პერსონალს მოხმარდება. მანამდე კი, ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია.