კომპანია "ალმა", რომელმაც წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შემცველი სისხლიანი პლაკატები საკუთარ ბილბორდებზე განათავსა, ახლა მსგავსი ტიპის სარეკლამო ბანერების გაკვრის აკრძალვას ითხოვს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით უკვე მიმართეს.
"შპს ალმამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანა, რამაც უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
აქვე დავძენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის და ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის მიერ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე, ჩვენ ცალმხრივად მივიღეთ გადაწყვეტილება და შპს ალმა უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.
ჩვენ ასევე გააზრებული გვაქვს, რომ კომპანიის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ. თუმცაღა, ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა", - ნათვამია განცხადებაში.
ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ 2 ოქტომბერს, "დაუყოვნებლივ უზრუნველყვეს" დედაქალაქში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაკრული სისხლიანი ბანერების ჩამოხსნა და ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებენ.
"ზემოაღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, ა.წ. 2 ოქტომბერი, შპს ალმამ დაუყოვნებლივ უზრუნველყო აღნიშნული სარეკლამო ვიზუალების ჩამოხსნა და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას", - ნათქვამია "ალმას" განცხადებაში.
ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაც მოხვდა. ბანერები გააკრეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააფარეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სიძულვილის ბანერების კვალი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან მიდის. საქართველოს ქალაქებში სისხლიანი ბანერები "ოცნების" მთავარი საარჩევნო პიარ ტექნოლოგის, იციკ მოშე კლუგჰაფტის რჩევით გამოფინეს.
ამავე თემაზე: