იტყუება არა რატი ბრეგაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ტყუილი არა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, არამედ "სამმა ტელევიზიამ გაავრცელა".

საქმე ეხება ბრეგაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ექიმთა კონსილიუმზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არ განხილულა, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებდა თავად კონსილიუმის წევრების განცხადებები.

"ტყუილი არ ყოფილა. მე რაც მაქვს ინფორმაცია, იყო შემდეგში საქმე: კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენენ სააკაშვილის ინტერესებს, ბუნებრივია, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აყენებდნენ კონკრეტულ ინიციატივებს. თუმცა, რაც შეეხება კონსილიუმის შეჯერებულ პოზიციას, როგორც იყო ეს წარმოდგენილი ტყუილის სახით კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, გამოიცნობთ რომლებისგან, ეს ასე არ ყოფილა. ეს არ ყოფილა კონსილიუმის შეჯერებული პოზიცია. შესაბამისად, იტყუება არა რატი ბრეგაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. მას ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირადი ექიმი ამბობს, რომ "მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, არის მკვლელობა".

გუშინ 5 საათის განმავლობაში ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევდა. დღეს ერთ-ერთმა წევრმა "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ შედეგების მიხედვით ექიმები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მრავალპროფილურ მონიტორინგსა და კონტროლს საჭიროებს.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მადგომარეობასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს მისმა ადვოკატებმა. ბრიფინგზე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტს ემუქრება და დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის დაუშვებელი მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსება.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, იგეგმება იმიტირებული "ბუნტი", რისი მიზანიც მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციაა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი