
"მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა", - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო ლუსტრაცია იყო იმისა, რომ ქართული სასამართლო
მართლმსაჯულებაზე უარს ამბობს თუ საკითხი წინასწარ იუსტიციის მინისტრთან არაა შეთანხმებული. ბასილაია ამბობს იმასაც, სასამართლო პროცესზე მიხელ სააკაშვილის გადაყვანა საერთაშორისო წნეხმა განაპირობა.
"დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით წარმოდგენა და გასამართლება ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი. დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ათასობით სხვა პატიმრობაში მყოფ ადამიანს შეუძლია, რომ დარეკოს, სააკაშვილს არ შეუძლია. ხელუსუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია. დღესაც სააკაშვილი აქ რომ მოიყვანეს, ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი და მოუწია სააკაშვილის პროცესზე მოეყვანა, თორემ თითს თითზე არ დააკარებდა სასამართლო, რომ ის მოეყვანათ",-თქვა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება სასამართლო სხდომის გადადებას, ბექა ბასილაიას თქმით, ბრალდების მხარეს სხდომის გადადება უფრო გვიან უნდოდა. ბასილაიას განმარტებით, სასამართლო სხდომის განმავლობაში პროკურორები დაცვის მხარეს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ამბობდნენ, რომ სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების განხილვა საჩქარო იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა 23 დეკემბერს გადადო, პროკურატურას თარიღი არ გაუპროტესტებია.
სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იყო პროკურორების პოზიცია, დღეს ისინი ამბობდნენ, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ უნდა განვიხილოთ, ვიდეომტკიცებულებები გვაქვს გამოსაკვლევი, ძალიან გვეჩქარებაო და როცა სასამართლომ გააჟღერა 23 დეკემბერს პროცესის განხილვა, პროტესტი არ ჰქონიათ, რომ უფრო ადრე ჩაენიშნათ. უფრო მეტიც, თქვეს, რომ მაინც და მაინც 23-ში ნუ ჩავატარებთ, შეგვიძლია კიდევ იქით გადავწიოთო, მგონი 2022 წელს უნდოდათ საქმის განხილვის გაგრძელება. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს ნიშნავს. რომ ამ საქმეშ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს,- ამბობს ბასილაია.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 23 დეკემბრისთვის გადაიდო.
მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა, "ოცნების" ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.
მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე მეათე დღეა მკურნალობს.