
რუსეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა და მომდევნო თვეში დაგეგმილი წვრთნებისთვის, ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალები და ტექნიკა განათავსა.
პარალელურად, პარიზში უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოთხმხრივი მოლაპარაკებები იგეგმება.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ თუ ბელარუსი რუსეთს უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრაში დაეხმარება, ამას აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან "სწრაფი და მტკიცე" რეაგირება მოჰყვება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის რუსეთის პრეზიდენტისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.
ამავე თემაზე: