ბორის ჯონსონი რუსეთს "უკან დახევისკენ" მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების საფრთხის ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთს "უკან დახევისკენ" მოუწოდა. საკითხთან დაკავშირებით ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერის საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.

ბორის ჯონსონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები სანქციების პაკეტზე მუშაობენ, რომელსაც მოსკოვს დააკისრებენ "იმ მომენტში როგორც კი რუსეთი უკრაინის ტერიტორიას გადაკვეთს". 

ჯონსონმა რუსეთს დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა სამხედრო კატასტროფა იქნება, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე რუსეთისთვის. ამასთან, დიდი ბრიტანეთი უკრაინას £ 88 მილიონ ფულად დახმარებას გამოუყოფს.

საუბრის ბოლოს, ჯონსონმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2 თებერვალს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს. ბორის ჯონსონი უკრაინაში 1-ლ თებერვალს ჩავიდა.

ცნობისთვის, 25 იანვარს ბორის ჯონსონმა თქვა, რომ "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ბრიტანეთი მზადაა ჯარები ევროპაში განათავსოს". ამასთან, დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი