რუსულ სამხედრო ძალებს უკან არ დაუხევიათ, ისინი რჩებიან უკრაინის საზღვრებთან - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, უკრაინის საზღვრებიდან რუსულ სამხედრო ძალებს უკან არ დაუხევიათ.

"ეს არ არის ოპტიმისტურად ან პესიმისტურად ყოფნის საკითხი, ეს არის ფაქტებზე ფოკუსირების საკითხი - რას ვხედავთ ჩვენ და რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს უკრაინის გარშემო მყოფი ძალების გაყვანა, უკან დახევა, ე.წ. წვრთნების დასრულება, ამაზე ვართ ჩვენ ფოკუსირებული. თუ ჩვენ ამას დავინახავთ, ეს პოზიტიური იქნება და ვფიქრობ, ეს შექმნის უკეთეს გარემოს დიპლომატიის გასაგრძელებლად",-თქვა ენტონი ბლინკენმა.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებენ, თუმცა NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგის თქვა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების შემცირების ნიშანი არ ჩანდა. 

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია რუსეთმა დღესაც გაავრცელა. 

14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეჭრილიყო.

მანამდე, 11 თებერვალს აშშ-მა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი