პუტინთან სატელეფონო საუბრამდე მაკრონი ზელენსკის ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დღეს კიდევ ერთხელ ესაუბრა. ზელენკის თქმით, მან საფრანგეთის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ თავდასხმებზე.

"ემანუელ მაკრონს ინფორმაცია მივაწოდე უსაფრთხოების არსებული მდგომარეობისა და ახალი პროვოკაციული დაბომბვის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას",-დაწერა ზელენსკიმ twitter-ზე.

მანამდე ზელენსკი მაკრონს გუშინ, 18 თებერვალს ესაუბრა. სუაბრის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა twitter-ზე დაწერა, რომ საუბრისას ქვეყნის ლიდერები კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობასა და შესაძლო გზებზე შეთანხმდნენ.

ამას გარდა, დღეს 20 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა.

რუსეთი და ბელარუსი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ

18 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება რამდენჯერმე დაარღვიეს, მათივე ცნობით გამოყენებული იქნა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი. 

18 თებერვალს ოკუპირებულ დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ დონბასში თავდასხმისთვის ემზადებიან. 19 თებერვალს კი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა საყოველთაო სამხედრო მობილიზება გამოაცხადეს.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ოკუპირებული დონეცკსა და ლუგანსკზე თავდასხმას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი