რუსულ გაზში რუბლების გადახდის მზადყოფნის შესახებ განცხადებას, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არამეგობრულ პოზიციად მივიჩნევთ - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პოზიციის პასუხად, რომელმაც ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ნიკოლენკო წერს, რომ რუბლში გაზის გაყიდვით, რუსეთი თავის ეკონომიკის გადარჩებნას ცდილობს დაწესებული სანქციების პირობებში და ამ მოთხოვნაზე თანხმობა, სწორედ მათთვის დახმარებას ნიშნავს:
"რუსულ სამხედრო მანქანას რესურსები სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. ამ კონტექსტში, რუსულ გაზში რუბლების გადახდის მზადყოფნის შესახებ განცხადებას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არამეგობრულ პოზიციად მივიჩნევთ. ასეთი განცხადებები ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციას, რომელმაც პრინციპულად უარი თქვა რუსეთის ახირების დაკმაყოფილებაზე"- წერს ნიკოლენკო.
მისვე თქმით, ამ ფონზე, წინადადებები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვის შესახებ ცინიკურად გამოიყურება:
"თუ უნგრეთს ნამდვილად სურს ომის დასრულებაში დახმარება, აი, როგორ უნდა გააკეთოს ეს: შეწყვიტოს ევროკავშირის ერთიანობის განადგურება, მხარი დაუჭიროს ახალ ანტირუსულ სანქციებს, გაუწიოს სამხედრო დახმარება უკრაინას და არ შექმნას დამატებითი დაფინანსების წყაროები რუსეთის სამხედრო მანქანისთვის. არასოდეს არ არის გვიან ისტორიის სწორ მხარეს დგომა" წერს ოლეგ ნიკოლენკო.
"უნგრეთისთვის პრობლემა არ იქნება, რომ რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადავუხადოთ" - ეს განცხადება უნგრეთის მეოთხედ გაპრემიერებულმა ვიქტორ ორბანმა გუშინ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა, ასევე პოლონეთმა და სლოვენიამ პუტინის მოთხოვნაზე უარი თქვეს. ისინი რუსეთისთვის გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდიან.