
დღევანდელი საპროტესტო აქციის მსვლელობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ გაკეთებულ წარწერებს - "ნუ მომკლავ! სისტემა კლავს!" - დასუფთავების სამსახურის შლის.

მოძრაობა "შეცვალეს", "სირცხვილიას", "გაბედესა" და ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დღეს, სწორედ, ამ ლოზუნგებით გამართეს.
ორთაჭალაში, შს სამინისტროსთან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა გზის სიმბოლურად გადაკეტვა დააპირეს. ხმაურიანი პროტესტის შემდეგ სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. დაკავებული ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია ხელწერელის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციის მიზანი, ბოლო დროს, გაუგებარ ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდების საქმეებზე საგამოძიებო უწყებებისთვის მოწოდებაა, რომ სამართლიანი და სწრაფი რეაგირება მოახდინონ მათ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე დაღუპული იპოვეს.
გუშინ, 21 ივლისს კი, თბილისის ზღვაზე, 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი აბრები, შესაბამისად ტერიტორია მეტ წილად დაუცველია.
ასევე გასულ კვირას, 19 ივლისს, ქუთაისში 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა, პასუხი არავინ გასცათ. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის 2 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
უკვე 1 თვეზე მეტია კი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, დღემდე იკითხებიან საქმის სხვა და სხვა ფიგურანტები.