ბოლო ერთ დღეში, მხოლოდ 27 ივნისს, უცნობი პირები თავს ოპოზიციურად განწყობილ ორ ადამიანს დაესხნენ. პირველი შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა - მაშინ, როცა "ფორმულას" დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე მაღაზიაში შევიდა. იხსენებს, რომ სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

"შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენი, ახსენა პატრიარქი, "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - თქვა მშვილდაძემ.

მეორე შემთხვევა პირველიდან დაახლოებით 2-3 საათში მოხდა - ნიღბიანი პირები თავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დაესხნენ და როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მას "უმოწყალოდ სცემეს". 

ამ ყველაფერს წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრების მიერ ოპონენტების მიმართ გაჟღერებული არაერთი მუქარა. მაგალითად, 26 ივნისს, პარლამენტში, კულტურის კომიტეტის სხდომაზე დაიმუქრა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ: "ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, ჯერ მორალურად, თუ არ მოისვენებს, შეიძლება მეტიც მიიღოს".

მსგავსი შინაარსის განცხადება 14 ივნისს მამუკა მდინარაძემაც გააკეთა: "დედას შევიგინები, მაგ სიტყვას [რუსი] როგორც ახსენებთ".

ნინო წილოსანმა კი 27 ივნისს, პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე იმედი პირდაპირ გამოაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც მათ პრორუსებს უწოდებს: "მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაგვიძახებს".

წახალისებული მოძალადეების მხრიდან ოპონენტებზე თავდასხმების შემთხვევები ხშირია. ბოლო დროის ქრონოლოგია კი ასეთია:

25-26 ივნისის ღამით, თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და რესპონდენტს - ჟურნალისტი 
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ბათუ ქუთელიასთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მას სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

შუა ხნის კაცი გადამღებ ჯგუფსა და ქუთელიას პოლიტიკური ნიშნით დაესხა თავს, ის მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა და  "მთავარი არხის" კუთვნილი  ტექნიკის დაზიანებაც სცადა.

20 ივნისს, თავს დაესხნენ ლევან ბერძენიშვილს. თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა.

ეს ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა - ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები, მათ შორის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მასზე სხვადასხვა ფორმის შეურაცხყოფას არ ერიდებიან. 15 იანვარს "ალტ-ინფოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა მას ყვარელში, ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილი პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა". ბერძენიშვილის თქმით, შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

ბერძენიშვილზე თავდასხმებს მუდმივად თან სდევს "ოცნების" ლიდერების მიერ მის მიმართ გამოხატული სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა. მაგალითად: 

17 ივნისს კი მოძალადე ჯგუფები ჯერ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დაესხნენ თავს, შემდეგ კი ბორჯომში, მათ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკს მიუვარდნენ. ზურაბ გირჩს უცხო პირი გორში, საკუთარ მანქანაში შეუვარდა და თვალის არეში მუშტი ჩაარტყა. 

ბორჯომში კი, სადაც ის ლექციის წასაკითხად მიდიოდა, სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებს, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ, ხელისუფლების მხარდამჭერები მიუვარდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. შენობაში გამოკეტილებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს, სამართალდამცველები კი ადგილზე თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდნენ. 

"ფაშისტური, ამორალური გაერთიანება გირჩი!'' - ეს პრემიერის სიტყვებია, რომელიც მოძალადე და რადიკალური ჯგუფებისთვის მწვანე შუქი აღმოჩნდა, რომ პირდაპირ მოქმედებაზე და ძალადობაზე გადასულიყვნენ. 

17 ივნისს თავს დაესხნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც. ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტის მშვიდობიანად გამოეხატვას ცდილობდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორეს. ისინი პლაკატებით იყვნენ მისული და ამ ფორმით აპროტესტებდნენ ირაკლი კობახიძის ანტიდასავლურ რიტორიკას, თუმცა ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის გულშემატკივრებმა, მათ კანონით მინიჭებული, გამოხატვის უფლება შეუზღუდეს და ფიზიკურად იძალადეს. 

თავად კობახიძე, კი ამ დროს ლექციას კითხულობდა და ფაქტს არც კი გამოხმაურებია. ახალგაზრდებზე ანგარიშსწორება ამით არ დასრულებულა. უნივერსიტეტში ძალადობის დროს დაშავებულ სტუდენტს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, პალატაში შეიარაღებული მამაკაცი შეუვარდა. ადგილზე მისული პოლიცია კი ცდილობდა, მისთვის ხელი დაეფარებინა და ჟურნალისტებს არ გადაეღოთ ქამარში ჩამაგრებული იარაღი. 

ეს იმ ქმედებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც ხელისუფლების მიერ მართული პირები მათივე წახალისებით აკეთებენ. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და გამოხმაურებისა, თავდამსხმელების უმეტესობა დაუსჯელია - ძალადობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი