UNESCO-მ უკრაინაში რუსების მიერ დაზიანებული კულტურული ძეგლების სია განაახლა. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 ივლისამდე, ქვეყანაში 274 კულტურული ობიექტი დაზიანდა.
"2023 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, იუნესკომ დაადასტურა 274 ობიექტის დაზიანება: მათგან 117 რელიგიური ობიექტია, 27 მუზეუმი, 98 ისტორიული და/ან მხატვრული ღირებულების შენობა, 19 ძეგლი, 12 ბიბლიოთეკა, 1 არქივი," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებული ობიექტების შეფასებისთვის UNESCO-ს მისია 29 ივლისს ოდესაშიც ჩავიდა.
22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ფერისცვალების ისტორიული ტაძარი დაზიანდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მხოლოდ ერთ ღამეში ოდესაში 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა.