ქუთაისის შემდეგ, მიტროპოლიტი იოანე "ოცნების" პარტიულ ღონისძიებას უკვე წყალტუბოში დაესწრო, სადაც მმართველი პარტიის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.
მეუფე იოანე "ოცნების" პარტიულ შეხვედრაზე დასწრებას უკვე მეორე დღეა ხსნის იმით, რომ ეს ხელისუფლების ღონისძიებაა.
...თქვენ მე გგონივართ ახლა ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლოთ?.... ჩემი გამოსვლა იყო მხარდაჭერის?! გეკითხებით, იყო?! ჩემი სიტყვით გამოსვლა, იყო? - არა. მე მივაგე პატივი ხელისუფლების პირველი პირის მოსვლას აქ. გუშინაც და დღესაც, - ამბობს მეუფე იოანე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ნოემბერს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის წარგდენას მეუფე იოანე გამრეკელი ესწრეოდა. "მთავარი არხის" შეკითხვას, რატომ ესწრება პარტიულ, "ქართული ოცნების" ღონისძიებას, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ის "ხელისუფლებასთან, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეა". თუმცა, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ გიორგი გახარია "ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატია, მეუფე ამბობს რომ "ეს მისი პრობლემაა".
დღეს, 19 სექტემბერს ვანში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას მიტროპოლიტი ანტონიც დაესწრო.
ცნობისთვის, 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ, ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც
ჩანს, რომელიც 28 აგვისტოს მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.
ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთა მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარკამპანიაში ჩართულობა დღესაც გრძელდება.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.
მამა შალვამ კი აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს, მრევლის ნაწილი კი ყველა შეიძლება იყოს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.