"გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია, ამბობს, რომ გლდანის რაიონში იმაზე გაცილებით დაძაბული ვითარებაა, ვიდრე ეს ტელევიზიით ჩანს. მისი თქმით, ამ ვითარების სულისჩამდგმელი "ქართული ოცნებაა", რომელსაც მობილიზებული ჰყავს კრიმინალური დაჯგუფებები.
ნიკა მელიას ინფორმაციით, კრიმინალები და პოლიციელები 84-ე საარჩევნო უბანთან ერთად მივიდნენ. კახი კალაძის ბავშვობის მეგობარმა "გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლებს იარაღი დაუმიზნა. პოლიციელებმა კი, დამნაშავეების ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს.
"კახა კალაძის მეგობარმა, ვინმე დათო კვიჟინაძემ, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს და აი ამ დროს, პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, ჩემი მეგობარი, ჩემი შტაბის წევრი, ირაკლი ეძგველაძე დააკავეს", - ამბობს ნიკა მელია.
ამასთან, ნიკა მელიას ინფორმაციით, ხელისუფლების კანდიდატი, ლევან კობიაშვილი დიდი სხვაობით მარცხდება. თუმცა, ახლოვდება კრიტიკული საათები და ხმებს დაცვა, განსაკუთრებით, ახლა სჭირდება. ამიტომ, ნიკა მელია საზოგადოებას გლდანის ცენტრალურ შტაბში მისვლისკენ და ხმების მშვიდობიანად დაცვისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე, რამდენიმე საათის წინ სროლის ხმა ისმოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა.
არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ცნობისთვის, დარღვევებით მიმდინარეობს სააღცევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში,ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონშიც.
დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.