IRI-ს ანგარიში მიუთითებს, რომ ნეგატიური შეფასებები უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

„საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო სტანდრტები ვერ დააკმაყოფილა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა" - "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 31 ოქტომბრის არჩევნებზე მწვავე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 

შუალედურ ანგარიშში გამოყოფილია "კარუსელების", შესაძლო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ჭარბი რაოდენობით კოორდინატორების საარჩევნო უბნებთან მობილიზების შემთხვევები. 

"IRI-ს ანგარიში იყო ძალიან მწვავე და მოსალოდნელიც იყო ამგვარი შეფასება. როგორც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი ჩაუტარებია "ქართულ ოცნებას", ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს და, რა თქმა უნდა, იგივე ტიპის შეფასებებს ვისმენთ სწორედ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდანაც", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ IRI-ს საბოლოო ანგარიში კიდევ უფრო მწვავე იქნება.

"მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო დასკვნა კიდევ უფრო მძიმე იქნება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ისინი კიდევ ახალ არგუმენტებს იძენენ ამ კრიტიკული დასკვნებისთვის", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

"IRI-ს განცხადება მიუთითებს, რომ უფრო და უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ნეგატიური შეფასებები "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

ამასთან, IRI-ის მისიის ანგარიში საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას მომავალი არჩევნების სანდობიის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, არჩევნების დღეს გლდანში საარჩევნო უბანთან, გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს დაუზიანდა ტელეფონი - მას მიაყენეს შეურაცხყოფა. ამავე ადგილას, დაპირისპირების დროს,  ტვ პირველის ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. არჩევნების დღესვე,  On.ge-ს ჟურნალისტს  მუშაობაში შეუშალეს ხელი მარნეულში.

დარღვევებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

დარღვევებზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი