ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ქვეყანაში ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციასთან შეხვედრის შესაძლებლობაც უნდა მოიხელთოს და გაყალბებულ არჩევნებზე პროტესტს, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების შეფერხებას – ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიასგან, ყურადღება დაუთმოს.
Washington Examiner-ის სტატიაში მწუხარებაა გამოთქმული, რომ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში არ იგეგმება შეხვედრა ოპოზიციასთან.
"სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მაიკ პომპეოსგან შეხვედრის შესახებ შეთავაზება არ მიუღიათ. ეს აშშ–ის წარმომადგენლების წინა ვიზიტების ფონზე, ნამდვილი ნაპრალია, საქართველოში საარჩევნო არეულობის პრობლემას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, რაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას დემოკრატიიდან შორს ყოფნაზე მიუთითებს." –ნათქვამია Washington Examiner–ის სტატიაში.
ამერიკული გამოცემა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, IRI– ს დასკვნაზე დაყრდნობით, წერს, რომ საქართველოში არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა, მმართველმა პარტიამ კი მოსალოდნელზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო საარჩევნო საჩივრებსაც შესაბამისი ყურადღება არ დაეთმო.
"ყველაზე საყურადღებოა 31 ოქტომბრის არჩევნები, რომელშიც მმართველმა "ქართული ოცნების" პარტიამ დიდი უპირატესობით, იმაზე უფრო უკეთესი შედეგებით მოიგო, ვიდრე ამას ეგზიტპოლები ვარაუდობდნენ. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები უარყვეს, დაფიქსირდა კარუსელი, ამომრჩეველზე ზეწოლა, იყო შემთხვევები როცა ბიულეტინების რაოდენობა ამომრჩეველთა ხელმოწერებს აჭარბებდა" – წერს Washington Examiner.
გარდა ამისა სტატიაში, საუბარია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზეც. ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოდან რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთი კვლავ განაგრძობს ქვეყნის სუვერენულობის და სოციალური სტაბილურობის შერყევას. ხოლო, პრემიერმინისტრი "გიორგი გახარია ვლადიმერ პუტინს, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ევროპასთან ინტეგრაციის ხელის შეშლაში." – წერს ამერიკული გამოცემა.
სტატიაში, ანაკლიის პორტი, ბიძინა ივანიშვილი და "კაბელების პროექტიც" არის ნახსენები და ნათქვამია, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაშლის გამო, საქართველო, განვითარებით, პოსტ–საბჭოთა ქვეყნის სტატუსს ამართლებს.
"ქართული ოცნების დამფუძნებელმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პორტის და კაბელების პროექტებს ძირი გამოუთხარა, ამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარება ქართველ ხალხს წინ წასწევდა და ინვესტიციების შემოდინებით, ქვეყანა ხელუხლებელი გახდებოდა" – ვკითხულობთ სტატიაში.
ამერიკული გამოცემა, ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება პომპეომ უნდა გაითვალისწინოს: "პომპეო არ უნდა შეცდეს, უნდა გახადოს მისი შეხვედრა საჯარო და გაითვალისწინოს დემოკრატიული მსოფლიოსგან თბილისის დემოკრატიულობის მოლოდინიც." – წერენ Washington Examiner–ში.
ცნობისთვის, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქს და მესამე სექტორს შეხვდება. მას უკვე ელოდებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქარველოში, იან კელი ტვიტერით შეცდომას უწოდებს იმას, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება.
დღეს ოპოზიციის წევრები, "ლელოს" ოფისში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა პომპეომ გაიგოს, როგორ კრიზისშია ქვეყანა.
ასევე, ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა, Washington Examiner რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.