არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკურ ჩიხს და ამ პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების აქტიურ მონაწილეობას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - მეთიუ ბრაიზა აფასებს. დიპლომატი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკურ ველს, შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას მოულოდნელად აკრიტიკებს.
ბრაიზა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მდივან პომპეოს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, თუმცა მისი თანაშემწის თბილისში ვიზიტის გახანგრძლივებას და ოპოზიციასთან შეხვედრას დადებითად აფასებს.
"ჩემი აზრით, დრო იყო არასწორად შერჩეული. სახელმწიფო მდივანი ამ ტურნეში წამოვიდა მაშინ, როდესაც პომპეომ ამერიკულ არჩევნებზე და ხელისუფლების გადაბარებაზე გააკეთა საშიში განცხადებები. დონალდ ტრამპმა კი, ამერიკული საარჩევნო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ. ამ ფონზე, პომპეო ჩამოვიდა ქვეყანაში, რომელიც თავად არის არჩევნების შემდგომ კრიზისში. ცუდი სიმბოლოა, დამეთანხმებით. ასეთ მდგომარეობაში, როცა განცხადებას არ აკეთებ და არაფერს ამბობ სახელმწიფო მდივანი, ცოტა უცნაურია, რადგან ეს ამერიკულ დიპლომატიას ეწინააღმდეგება", - ამბობს მეთიუ ბრაიზა.
მისი თქმით, პომპეოს ვიზიტის დროს მედია ჩართული უნდა ყოფილიყო და სახელმწიფო მდივნის განცხადებები საზოგადოებას უნდა მოესმინა. თუმცა, კარგია, რომ პომპეომ თავისი წარმომადგენელი, ფილიპ რიკერი, საქართველოში დატოვა.
მეთიუ ბრაიზა ოპოზიციას მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანას და არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად ლეგალური ინსტრუმენტების გამოყენებას ურჩევს.
ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა.
18 ნოემბერს ის საქართველოს პრეზიდენტს,
პრემიერს, პატრიარქს და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, გამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის ტრანსკრიპტიც, სადაც ოფიციალური პირები 31 ოქტომბრის არჩევნების ფატალურ დარღვევებსა და "ცესკოში" მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობენ.