"ოცნების" ტონი პრინციპულად განსხვავდებოდა მათი საჯარო განცხადებებისგან - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, "ოცნების" წევრების ტონი პრინციპულად განსხვავდებოდა მათი საჯარო განცხადებებისგან. ამის შესახებ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

ბევრ ტექნიკურ დეტალს უბრალოდ ვერ მოვყვები, ერთი იმის გამო, რომ ამ პირობით იმართება მოლაპარაკებები და ეს პირობა თავად მომლაპარაკებლებმა დააყენეს, მათ შორის პირადად ბატონმა დანიელსონმა. მეორე არანაირი სურვილი არ მაქვს, თუნდაც პატარა საბაბი მივცე "ოცნებას" იმისათვის, რომ მოლპარაკებები ჩაშალოს და მაგიდა ააყირაოს. დღევანდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წევრების ტონი იყო პრინციპულად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ მათი საჯარო განცხადებებისას ვისმენთ. ტონალობას ვგულისხმობ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ შარლ მიშელის მიერ დატოვებული საკითხები. მე მაქვს განცდა, რომ ხვალიდნელი დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი, - თქვა ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი