აშშ ბელარუსს აფრთხილებს, თუ რუსეთს უკრაინაში შეჭრაში დაეხმარება, "სწრაფ და მტკიცე" რეაგირებას მიიღებს​

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები ბელარუსს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთს უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრაში დაეხმარება ამას აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან "სწრაფი და მტკიცე" რეაგირება მოჰყვება.

განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა

​"ჩვენ ასევე ნათლად ავუხსენით ბელარუსს, რომ თუ ის უკრაინაზე თავდასხმისთვის თავის ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას მოჰყვება სწრაფი და მტკიცე პასუხი აშშ-სგან და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. თუ შეჭრა ბელარუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მათ ტერიტორიაზე მუდმივ საფუძველზე განლაგდებიან, NATO-ს ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩვენი ძალების განლაგების გადახედვა მოუწევს",-თქვა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, გუშინ, 25 იანვარს, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა.

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი