
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და სივრცე დიპლომატიისთვის კიდევ არსებობს.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, რუსეთს პრეზიდენტს ახლა არჩევანი აქვს, მას შეუძლია უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება ან დეეასკალაცია და ჯარების უკან გაყვანა.
"კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის, ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ძალა უკრაინის წინააღმდეგ.
მას ახლა ნამდვილად აქვს ეს შესაძლებლობა, მაგრამ ასევე აქვს ორი არჩევანი, მას შეუძლია ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება და ასევე შეუძლია აირჩიოს დეესკალაცია და ჯარების უკან გაყვანის ბრძანება გასცეს", - თქვა ლოიდ ოსტინმა.
რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციის საფრთხის ფონზე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გუშინ, 28 იანვარს გაიმართა. ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და კრემლი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთი "გადამწყვეტ პასუხს გასცემს".
გუშინვე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მისი თქმით, კრემლს ომი არ სურს, "თუმცა საკუთარი ინტერესების უგულებელყოფის უფლებას არავის მისცემს".
რა ხდება უკრაინაში?
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.
ამავე თემაზე: