თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები მოგვიანებით და არა ახლავე - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა გვჭირდება" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დიდი და ძლიერი სახელმწიფოს პირისპირ მარტო დარჩა, ამ დროს კი დასავლეთი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებაზე ფიქრობს.

ზელენსკი ამბობს, რომ თუ ომი გარდაუვალია, საჭიროა, რუსეთს სანქციები დღესვე დაუწესდეს და არა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრება.

"ვიცი, რომ ეს საკითხი არც თუ ისე სასიამოვნოა ნატოს რამდენიმე ან ზოგიერთი წევრისთვის, მაგრამ NATO-სთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა კონკრეტიკა, ჩვენ რაღაცის იმედი უნდა გვქონდეს.

როცა მარტო ხარ დარჩენილი ძალიან ძლიერი სახელმწიფოს პირისპირ, საკუთარ თავს კითხვას უსვამ, რა საჭიროა სანქციები მოგვიანებით, ვისკენ არს ის მიმართული, ეხება თუ არა საერთოდ ეს უკრაინას, სამწუხაროდ - არა. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები მოგვიანებით და არა ახლავე.

ჩემი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაგრძელდეს", - თქვა ზელენსკიმ.

"არ შექმნათ პანიკა, რომ ომი იწყება" | ზელენსკის მიმართვა დასავლეთს

ცნობისთვის,  25 იანვარს, უკრაინის უმაღლეს რადაში განცხადება მიიღეს, რომლითაც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას მოითხოვენ.

რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციის საფრთხის ფონზე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გუშინ, 28 იანვარს გაიმართა. ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და კრემლი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთი "გადამწყვეტ პასუხს გასცემს".

გუშინვე განცხადება გააკეთა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მისი თქმით, კრემლს ომი არ სურს, "თუმცა საკუთარი ინტერესების უგულებელყოფის უფლებას არავის მისცემს".

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი