საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები GDI, ISFED, HRC და TI ხელისუფლების მიერ კომენდანტის საათის დაწესებას, თავისუფლების შეზღუდვას უწოდებენ და არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

ორგანიზაციებისთვის, ხელისუფლების ეს ნაბიჯი მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობად აღიქმება და ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას არ წარმოადგენს.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს აღიქმება ხელისუფლების მცდელობად, ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და  ებრძოლოს არა COVID-19-ის გავრცელებას, არამედ - იმ საპროტესტო ტალღას, რომელსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ განხილვის და დისკუსიის გარეშე დააწესა შეზღუდვა, რომელიც მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს.

"საქართველოს მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან კომენდატის საათის დაწესება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.  კონსტიტუციური მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ჩაანაცვლა კანონმდებელი და ყოველგვარი საჯარო დისკუსიებისა და განხილვის გარეშე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევით, შემოიღო ახალი, მაღალი ინტენსივობის შეზღუდვა",- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) შეიზღუდა.

დღეს კი, ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც 22:00 საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დარჩენას და ღამის გათევას გეგმავენ, გასათბობად მომარაგებულ შეშას პოლიცი ართმევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებამ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვა ისე, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილა. 

შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება. მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველმა"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ""სამართლიანმა არჩევნებმა" და თქვეს, რომ პოლიციას პროპორციული ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლო და ის ვალდებული იყო, გაეცა გაფრთხილება აქციის მონაწილეებისათვის.

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი