საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე 11 საათია დარჩენილი. ამ დრომდე უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური სამსახური მიხიელ სააკაშვილს იმ სხდომაზე დასწრების საშუალებას, სადაც ივანიშვილის სასამართლო მას 7 ნოემბრის საქმეზე გაასამართლებს.
ადვოკატებს არ აქვთ იმედი, რომ "ოცნების" ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს საზოგადოების წინაშე გამოჩენისა და მათთვის მიმართვის შესაძლებლობას მისცემს. უფლებადამცველების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა არ იცის, რას გადაწყვეტს პენიტენციური.
მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კი მისი მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს "ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლო სხდომაზე. მისივე ცნობით, "სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ სასამართლოზე დასწრება შესაძლებელია".
ანალოგიურს ამბობს ცენტრ "ემპათიას" დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი. რომელმაც გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე დასწრებას წყვეტს ის".
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს პროცესზე დასასწრებად მზად იქნება.
მანამდე კი, უკვე რამდენიმე დღეა, "ოცნების" ხელისუფლება საერთაშორისო წნეხის ქვეშაა, რომ მიხელ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომებს დაასწრონ. ამისაკენ ხელისუფლებას მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა:
"მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმაც. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, მნიშვნელოვანია.
ამ საკითხზე 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა. თქვა, რომ "შიმშილობის შეწყვეტა გვაძლევს საფუძველს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწროს".
ჯერი ახლა სწორედ ბრეგაძის უწყებაზეა - რას გადაწყვეტს ხელისუფლება, სავარაუდოდ, დილით გახდება ცნობილი, მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წინა ორ სასამართლო სხდომა სხვადასხვა მიზეზით არ დაასწრეს.
29 ნოემბერს, სასამართლო სხდომის პარალელურად, 11:00 საათზე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან აქციაც დააანონსეს.
მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა, "ოცნების" ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.
მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე მეათე დღეა მკურნალობს.