
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებით ეხმიანება ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ, 2020 წლის ივლისში დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძისთვის 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთას და ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო რეჟიმი, ბოლო დროს, გრძელვადიანი პატიმრობის პრაქტიკას ამკვიდრებს.
"სახალხო დამცველი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმიანება. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.
- დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.
- ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები.
- საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.
- ზაზა გახელაძის პატიმრობაში დატოვება, განსაკუთრებით უკანონოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს განუყოფელ რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და სწორედ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო. ამასთანავე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელია დე ფაქტო ხელისუფლებები.
- საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ შეფასა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედებები. კერძოდ, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ნორვეგიის ელჩმა და აშშ-ს საელჩომ. შესაბამისად, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ძალისხმევას არ დაიშურებს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად., - წერია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს 5 თებერვალს, ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ყველა წინაპირობა მისთვის ე.წ. "სასაზღვრო პატრულზე" შეიარაღებული თავდასხმის ბრალდების მოსახსნელად. ბოლოსწინა პროცესზე რუსმა ოკუპანტმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ ზაზა გახელაძეს მათთვის დამიზნებით არ უსვრია, მაგრამ ამის მიუხედავად, მოსამართლს ვერდიქტი გახელაძის მიმართ უმკაცრესი აღმოჩნდა.
საოკუპაციო და მარიონეტული რეჟიმები ზაზა გახელაძეს სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლებზე თავდასხმისა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ედავებოდა.
პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზაზა გახელაძის ოჯახში სუს-ის წარმომადგენლები ჩავიდნენ, მის უკანონო პატიმრობას კი საქართველოს რამდენიმე უწყება, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროკავშირი გამოეხმაურნენ, უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის მხარდასაჭერად ოჯახმა ავტობანი დაახლოებით ერთი საათით გადაკეტა, ხოლო თბილისში უკანონო განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხანში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქციები სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს, სადაც განცხადებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.
ზაზა გახელაძის დაჭრის, გატაცებისა და პატიმრობის, ასევე ამ ფაქტზე გამოხმაურებების ქრონოლოგია:
ზაზა გახელაძეს დე-ფაქტო საზღვარი არ გადაუკვეთავს - დაკავებულის ოჯახის კომენტარი
სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია - გახარია გახელაძეზე
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის წევრებმა ცხინვალში მოინახულეს
"ბავშვები დამიკოცნე...უფალს ვთხოვ მალე თქვენთან ვიყო" - გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი ცხინვალიდან
ოკუპანტმა გაიტაცა, ხელისუფლებამ დაივიწყა - ბედის ანაბარა მიტოვებული მოქალაქეები
დაგვიბრუნონ შვილი,აქამდეც უნდა ემოქმედა მთავრობას – ოკუპანტების გატაცებული გახელაძის ოჯახი
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს - მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
ყველაფერი კეთდება უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის დასაბრუნებლად - სუს
მთავრობის უმოქმედობა დანაშაულია - სირცხვილია გახელაძის განაჩენს საგარეოსთან აპროტესტებს
ზაზა გახელაძის განაჩენის გამო, საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს - ახვლედიანი
აშშ-ის საელჩო გმობს ზაზა გახელაძისთვის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს
"ბავშვებისთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე... შვიდი თვეა, ღამეა" - ზაზა გახელაძის დედა
"ყველა საქმე უნდა გადადონ და ამაზე უნდა იმუშაონ" - ვაჟა გაფრინდაშვილი გახელაძეზე
კიდევ გადავკეტავ სანამ ჩემ შვილს არ გამოუშვებენ - ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს
ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი
"თავისუფლება ზაზა გახელაძეს" - ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა