პუტინის აგრესიის 1 წელი და უკრაინის ირგვლივ გაერთიანებული ცივილიზებული სამყარო. დასავლეთი ომში მყოფ ქვეყანას ეხმარება იარაღითა და საბრძოლო მასალით, ჰუმანიტარული ტვირთით და ფინანსებით, რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს არაერთ სანქციას უწესებს და კრემლის რეჟიმზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის დისკრედიტაციას ეწევა. არცერთი ოფიციალური პირი უკრაინის სოლიდარობას ღიად არ გამოთქვამს. ერთადერთი, ვინც ომის წლისთავზე უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი რეზიდენცია უკრაინის დროშის ფერებში გაანათა.
გავიხსენოთ მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები - რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლიდან დღემდე:
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, "რესპუბლიკების სასწრაფოდ დახმარების" ბრძანება გასცა და უკვე წინასწარ, შესაძლო სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა სრულად უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა.
..."მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს", - თქვა მაშინ პუტინმა.
პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა და კრემლის დიქტატორის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო, შემდეგ კი ერთობლივი სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ შოლცთან გამართა.
პარალელურად, პუტინის განცხადებას სულ მალე გამოეხმაურა თეთრი სახლი, რომელმაც განაცხადა, რომ "პრეზიდენტი ბაიდენი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას აუკრძალავდა". სანქციების შესახებ ბრძანებას ბაიდენმა ხელი 22 თებერვალს მოაწერა.
ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები პუტინს „უკრაინის აგრესიის“ მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვენ.
"გთხოვთ, უკრაინის რეჟიმის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, გაგვიწიეთ სამხედრო დახმარება“, - დაწერა მაშინ ოკუპირებული დონეცკის თვითაღიარეული ლიდერი დენის პუშილინიმ.
„პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, არსებული მძიმე მდგომარეობისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, დაგვეხმაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ფორმირებების აგრესიის შესაკავებლად“, - წერს პუტინს ლეონიდ პასეჩნიკი.
თვითაღიარებული ლიდერების მიმართვების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა - განცხადება მან გამთენიას გააკეთა და თქვა, რომ მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიები დახმარებას ითხოვდნენ. "მივიღე გადაწყვეტილება, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", - თქვა მაშინ პუტინმა.
გამთენიას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ოდესასა და დონბასში აფეთქებების ხმა ისმოდა. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ჯარები მარიუპოლსა და ოდესაში დაეშვნენ და კიევში, ხარკოვსა და დნიპროში, აეროდრომებზე, სამხედრო შტაბბინებსა და საცავებზე საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები შეწყვიტა. მან მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა და მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სასწრაფო დაწესება და უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება სთხოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა. დაწერა, რომ ქვეყანა თავს დაიცავდა და მსოფლიოს რუსეთი უნდა შეეჩერებინა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კი მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, დაებრუნებინა ჯარები რუსეთში და შეეწყვიტა "ომი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ყველაზე საშინელი ომი საუკუნის დასაწყისში".
აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ აშშ ვარაუდობდა, რომ რუსეთი კიევს 96 საათში აიღებდა. თუმცა, უკრაინის დედაქალაქის აღება, მიუხედავად არაერთი მძიმე დაბომბვისა, კრემლის არმიამ დღემდე ვერ შეძლო.
ომის დაწყებიდან სულ მალე, უკრაინის პრეზიდენტი მთელი მსოფლიოსთვის სიმამაცის, შეუპოვრობისა და გმირულად ბრძოლის სიმბოლო გახდა.
პირველი ემოციური მიმართვა მან 25 თებერვალს გამთენიას გაავრცელა, სადაც მოკავშირეებს მიმართა და ჰკითხა, იდგნენ უკრაინის გვერდით, თუ არა. მაშინ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ბედი მის ჯარისკაცებზე, არმიასა და უსაფრთხოების ძალებზე იყო დამოკიდებული.
დღეს მოსკოვიდან მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი სურთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოკავშირეს ვეტყვი - ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მათ ვეკითხები, ჩვენთან არიან თუ არა?! მეუბნებაინ რომ კი, თუმცა ალიანსში ჩვენი გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.
დღეს ევროპის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს შევეკითხე, გახდებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი - ყველას ეშინია, არ მპასუხობენ. ჩვენ არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც რუსეთისა და არ მასთან საუბრის არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც უსაფრთხოების გარანტიებისა და არც ნეიტრალური სტატუსის, რადგან NATO-ში არ ვართ. მაინტერესებს რა გარანტიები გვექნება და რომელი ქვეყნები მოგვცემენ ამ გარანტიებს?! ჩვენი სამშობლოს ბედი ჩვენს ჯარისკაცებზე, მცველებზეა, ჩვენს არმიაზე, ჩვენს გმირებსა და უსაფრთხოების ძალებზეა დამოკიდებული. ასევე მათ სიბრძნესა და ჩვენი მოკავშირეების დახმარებაზე. დიდება უკრაინას!, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.
ერთ-ერთი ისტორიული სიტყვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში, კონგრესის წინაშე წარმოთქვა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტი იყო საზღვარგარეთ. კონგრესში მისვლისას მას ამერიკელი კანონმდებლები ფეხზე წამოდგომითა და ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ. "უკრაინა არასოდეს დანებდება", უთხრა მათ ზელენსკიმ.
1 წლის განმავლობაში, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა არაერთ სამიტსა თუ კონფერენციაზე, მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ ქართველებსაც.
„მოტივაციას გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა… მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, რაშიც დარწუნებული ვარ ასე იქნება, ეს მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება წყვდიადზე, თავისუფლებს გამარჯვება მონობაზე”, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ სუნაკისა და პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენციაზე მისულმა ჟურნალისტმა ზელენსკის ჩახუტება ისურვა: “ძალიან მინდა ჩაგეხუტოთ და მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ ვიცი, არ შეიძლება".
ვოლოდიმირ ზელენსკის ხსენებისას, არ შეიძლება დაგვავიწყდეს მისი სახე ომამდე და ომის დაწყების შემდეგ.
ომის დაწყების დღიდან, ინტენსიურად, ორი მხრიდან, სხვადასხვა სახისა და კალიბრის არტილერიით იბომბებოდა ქალაქი მარიუპოლი, რომელიც დღესაც დროებით ოკუპირებულია.
„თუ რამე მოხდება, არ დაგვივიწყოთ... ჩვენ ალყაში ვართ“ - ამის შესახებ მარიუპოლში მყოფმა უკრაინელმა ჯარისკაცმა თქვა მაშინ, როცა საპორტო ქალაქი, უკრაინას, პრაქტიკულად, მოწყვეტილი იყო.
მარიუპოლში აფეთქებების ხმა ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგაც ისმის...
აზოვსტალის ქარხნის შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში გამაგრებული სამხედროები მსოფლიომ შეუპოვარი ბრძოლით გაიცნო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ არ ჰქონდათ საკვები, სასმელი და უკიდურესად სჭირდებოდათ იარაღით მომარაგება.
მაშინ, რამდენიმე ათეულმა უკრაინელმა უმძიმესი მისია იკისრა და ვერტმფრენებით, მტრის ცეცხლის მიუხედავად, მარიუპოლში შეღწევა მოახერხა. ეს გმირული ისტორია მებრძოლებმა კამერების წინ დეტალურად გაიხსენეს.
სამთვიანი ჯოჯოხეთი, რომელიც აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა გამოიარეს, კიდევ უფრო შემზარავია, ვიდრე ის კადრები, რომელსაც აზოვსტალის ბუნკერებიდან ყოველდღიურად ვხედავდით.
მეგობრებისა და თანამებრძოლების ცხედრებთან ერთად გატარებული დღეები და საზარელი 3 თვე, რამდენიმეთვიანი ტყვეობით გაგრძელდა. თუმცა, აზოველების გმირობა ტყვეთა გაცვლითა და მათი გათავისუფლებით დასრულდა.
2023 წლის 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის გმირი, ოლეგ მუდრაკი გულის შეტევით გარდაიცვალა.
უკრაინელი ხალხის გენოციდმა მსოფლიო შეძრა - კადრები, რომელიც ყველამ ნახა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საზარელი დანაშაულია, მისი ავტორების დასჯა კი არა მხოლოდ უკრაინის, მთელი ცივილიზებული სამყაროს ღირსების საქმე.
კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან უკრაინელმა სამხედროებმა 1 აპრილს გაათავისუფლეს. უკან დახევამდე კი ოკუპანტებმა სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურა დანაღმეს.
ქალაქში შესულმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ასეულობით ცხედარი აღმოაჩინეს. ქუჩები სავსე იყო ხელებშეკრული და ნაწამები ადამიანების გვამებით. ასევე იპოვეს მასობრივი სასაფლაო, რომელშიც ოკუპანტების მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო დამარხული.
ცნობილია, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, ბუჩაში მხოლოდ 3 700 ადამიანი დარჩა იმ დროს, როცა 2021 წელს ბუჩას მოსახლეობა 30 000 ადამიანი იყო.
კრემლი ტრადიციულად ყველაფერს უარყოფს და გავრცელებულ უმძიმეს კადრებს, "ყალბ პროვოკაციას" უწოდებს.
ტრაგედიის შემდეგ, ბუჩაში საბავშვო ბაღის აშენების ინიციატივით გამოვიდა ქართველი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ქალაქის მერიისგან სამშენებლო ნებართვაც მიიღო.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“, 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა. ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით რუსეთმაც დაადასტურა.
ცნობილია, რომ სარაკეტო კრეისერი 2008 წელს ფორმალურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში. ფორმალური, რადგან არ არსებობდა ადეკვატური სამიზნეები ამ გემისთვის.
24 თებერვალს, რუსეთის შემოჭრის პირველ დღეს, სარაკეტო კრეისერმა მოსკოვმა მონაწილეობა მიიღო კუნძულ ზმეინზე შეტევაში. იქიდან უკრაინელებმა ის на х*й-ზე გაუშვეს.
კუნძული ზმეინი, რომელიც რუსებმა ომის დაწყების დღესვე დაიპყრეს, უკრაინულმა მხარემ 25 თებერვალს დაიბრუნა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულის 13 მცველი, უკრაინელი გვარდიელი, რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
თუმცა მოგვიანებით, ჯერ მედიისგან, შემდეგ კი საზღვაო ძალებისგან გახდა ცნობილი, რომ მესაზღვრეები, რომლებმაც რუსულ გემს Иди на х*й უთხრეს, ცოცხლები იყვნენ.
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშის შემდეგ, კუნძული ზმეინი 30 ივნისს დატოვეს. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც დაადასტურა, რომ კუნძული ზმეინი რუსებისგან "გასუფთავდა".
ინფორმაცია დაადასტურეს რუსეთშიც, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით - შოიგუს უწყებამ ზმეინის დატოვებას "კეთილი ნება" უწოდა.
უკვე 4 ივლისს კი კუნძულ ზმეინზე უკრაინის დროშა აფრიალდა.
8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი რკინიგზის ნაწილზე გავრცელდა, დაზიანდა საავტომობილო გზაც. ცნობილია, რომ ხიდზე აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელიც საგუშაგოზე შემოწმების შემდეგ ხიდზე გადავიდა.
მოგვიანებით, უკრაინის მაღალჩინოსანმა გამოცემა The New York Times-ს დაუდასტურა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
თითქმის 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 9 ნოემბერს გასცა. სერგეი შოიგუს განკარგულების შემდეგ, რუსულმა კოლონებმა ოლქი დატოვეს.
კრემლმა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკან დახევისას 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანა, ასევე, დაახლოებით 5 000 იარაღი და სამხედრო ტექნიკა და მატერიალური ქონება გაიტანა.
ტრაგედია დნიპროში
2023 წლის 14 იანვარს, რუსებმა დნიპროში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, საიდანაც 10-მდე ბავშვია. ასევე, დაშავდა 80 ადამიანი, დაკარგულად კი 11 პირი ითვლება. ტრაგედიის გამო, უკრაინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ეს ტრაგედია შეეხო ქართველ მებრძოლსაც - ზაქრო ნონიაშვილმა რუსული დაბომბვის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაკარგა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით 2 მარტს რეზოლუცია მიიღო. მაშინ გაერო მოსკოვისგან ძალის გამოყენების შეწყვეტასა და უკრაინიდან ჯარის გაყვანას მოითხოვდა.
რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5: რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრია, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ყაზახეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი და კუბა.
გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო 24 მარტსაც და რუსეთს ქვეყნიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი ასამბლეის თითქმის სამმა მეოთხედმა დაუჭირა - 140 მომხრე და ხუთი წინააღმდეგი, რომელთა შორის არიან რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი. ცნობილია, რომ 38-მა ჩინეთმა, მათ შორის ჩინეთმა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა:"ჩვენ ვუპასუხებთ, თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს". რის შემდეგაც, რუსული ელიტის, საკანონმდებლო და თავდაცვის სფეროს კომპანიის 400-ზე მეტ წარმომადგენელს დამატებითი სანქციები დაუწესა.
გასული 1 წლის განმავლობაში, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 9 პაკეტი დაამტკიცა, კიდევ ერთი, მეათე პაკეტის დამტკიცებას კი ომის წლისთავზე, სწორედ 24 თებერვალს აპირებს. შეზღუდვები მოიცავს აგრესორი ქვეყნიდან საზღვაო ნავთობის იმპორტის აკრძალვას, Swift-ის ფინანსური სისტემიდან რამდენიმე რუსული ბანკის გამორიცხვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის რამდენიმე საშუალების სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიის შეჩერებას. სანქციები დაუწესდათ პუტინის ოჯახის წევრებს, რამდენიმე პირს მისი გარემოცვიდან და ოლიგარქებსაც, რომელთა ჩამორთმეული ქონებიდან აღებული თანხაც უკრაინას გადაეცა.
უკრაინის დასახმარებლად აშშ-მ "ლენდ ლიზის" სახელმწიფო პროგრამა აღადგინა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი 9 მაისს მოაწერა.
პროგრამა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშა, შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას აძლევს ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე დაეხმაროს უკრაინას, როგორც სამხედრო ასევე ჰუმანიტარული ტვირთით, რაც პირდაპირ გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ Lend-Lease-ის კანონი 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა.
მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ომში მყოფ ქვეყანაში თანამდებობაზე ყოფნისას ორჯერ, ერთხელ კი გადადგომის შემდეგ ჩავიდა.
ომის წლისთავთან დაკავშირებით კი კიევში,20 თებერვალს, მოულოდნელი ვიზიტით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა. ის უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა და 10-საათიანი მგზავრობის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
ისტორიული ვიზიტისას ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარება დააანონსა. ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ დახმარება სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს მოიცავს.
ომის მიმდინარეობისას უკრაინაში ჰოლივუდის მსახიობებიც იმყოფებოდნენ.
მაგალითად, შონ პენი ომში მყოფ ქვეყანაში სამჯერ ჩავიდა და მესამე ვიზიტისას, ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა.
ლვოვში იმყოფებოდა ანჯელინა ჯოლიც. უკრაინაში ის 30 აპრილს დააფიქსირეს.
23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, პოლონელ კოლეგასთან ერთად, კიევში სიმამაცის ხეივანი გახსნა, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაკეთდა.
მაშინ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ხეივანში იქნება გამოსახული იმ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტნიორი ქვეყნების სხვა წარმომადგენლების სახელები, რომლებიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად ედგნენ გვერდით.
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომლის სახელიც ხეივანში ამოტვიფრეს.
სიმამაცის ხეივანში ასევე ამოტვიფრულია ბორის ჯონსონის, ჯო ბაიდენის, ურსულა ფონ დერ ლეიენის, ასევე ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესისა სხვა მსოფლიო ლიდერების სახელები.
ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა
უკრაინის 10 მთავარი გამარჯვება დაასახელა.
ესენია:
2023 წლის 23 თებერვლის მონაცემებით, პუტინის აგრესიას უკრაინაში 8 000 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 487 ბავშვი ემსხვერპლა, 13 300 კი დაშავდა, საიდანაც 954 არასრულწლოვანია.
ქართვველი სამხედროები და მოხალისეები უკრაინაში პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას ომის პირველსავე დღეებში შეუერთდნენ. ამ დრომდე კიევსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე ქართული ბატალიონი იბრძვის.
პუტინის აგრესიას უკრაინაში ქართველი მებრძოლებიც ემსხვერპლნენ:
და ბოლოს, ომის ჰიტად ქცეული სიმღერა:
?? Слава Україні!