ბადრი ესებუა, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა - ამ დრომდე დაკავებული არაა. ინციდენტიდან ზუსტად 2 კვირა გავიდა. 

შეგახსენებთ, ესებუა ბანკის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა, მძევლები აიყვანა, სპეცრაზმს რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, მოგვიანებით კი ხელყუმბარითა და ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი დოლარით, რამდენიმე მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მიიმალა.

აქვე შეგახსენებთ, რომ  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან არა ნახევარი მილიონი, არამედ 4 მილიონი წაიღო.

თავდასხმა ბანკზე შუადღის საათებში მოხდა. ამ დრომდე უცნობია, როგორ შევიდა შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ბანკის ფილიალში ისე, რომ არავის მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 

ბანკში შეჭრილი ესებუა პირველად კონტაქტზე "მთავარი არხის" საშუალებით გამოვიდა. მან ერთერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას აიძულა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაერეკა და საკუთარი მოთხოვნები გაეხმოვანებინა. სწორედ აქედან გახდა ცნობილი რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენსა და უსაფრთხოებას ითხოვდა.

ეს ყველაფერი "მთავარის" მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა. 

მალევე ნიკა გვრამიამ განმარტა, როგორ გამოვიდა ხაზზე თავდამსხმელი და მიმოწერის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.

21 ოქტომბერს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბანკში სამეგრელოს პოლიციის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა შევიდა, რომელმაც თავდამსხმელს ფულით სავსე ჩანთა მიუტანა.

პირველი კადრები, როცა თავდამსმხელმა ოთხ მძევალთან ერთად შენობის დატოვება დაიწყო, პირდაპირ ეთერში 21:59 წუთზე გავიდა. აქედან ზუსტად 9 წუთში საქართველოს ბანკის შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს.  

თავდამსხმელმა  ტერიტორია  ოთხ მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. 

ესებუას კვალი სოფელ კირცხიდან იკარგება. 

შეგახსენებთ,  ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს  "მთავარი აქცენტების" სპეციალურ გამოშვებაში გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო ბადრი ესებუაა.

ასევე, "მთავარი არხის " გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ 112-ში განხორციელებული ზარით შეიტყო შსს-მ, რომ ბადრი ესებუა მარტო არ მოქმედებდა. ნიკა გვარამიამ მის მიერ მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციაც მიაწოდა შსს, რომ ესებუას თანამზრახველი ასევე სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადის სამხედრო დავით ხვიბლიანი იყო, რომელიც მძევლის როლს თამაშობდა, "მთავარი არხის" მიერ გასაჯაროვებულ კადრებში კი ჩანს, რომ ის ესებუას ფარულად ესაუბრებოდა. 

ხვიბლიანი შსს-მ გამოკითხა, თუმცა, გამოკითხვის შემდეგ სამხედრო პირი გაუჩინარდა. ამავდროულად, გაბათილდა გამოკითხვისას ხვიბლიანის მიერ ბანკში მისვლის მიზეზად დასახელებული არგუმენტი, თითქოს იმ დღეს ხელფასის ასაღებად იყო მისული: "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ხვიბლიანს სესხი ჰქონდა აღებული და ხელფასიდან თანხა ეჭრებოდა, ამას გარდა, სენაკის ბრიგადის სამხედროებს ხელფასი 21 რიცხვში არ ერიცხებოდათ. 

ნიკა გვარამია თავის გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობდა, რომ ხელისუფლებას მოუწევს ახსნას, რა ხდება ხვიბლიანის გარშემო, რომელსაც "ინტერვიუებისთვის წინ და უკან დაატარებდნენ".

რაც შეეხება ბადრი ესებუასთან დაკავშირებით შსს-ს პოზიციას, უწყებამ ნიკა გვარამიას ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ნამდვილად ბადრი ესებუაა. საგანგებო განცხადება მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა.

28 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ  ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხებოდა და ის სამსახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღე, ესებუას ოჯახი ამბობდა, რომ ის თბილისშია და მალე დაბრუნდებოდა. თუმცა ესებუა ამ დრომდე იძებნება. ჩხრეკა იყოს მის სახლშიც. 

სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ჩატარდა ესებუების სახლში. თუმცა მალევე,  ცნობილი გახდა ასევე "მთავარი არხის" ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუა კიდევ ერთხელ გაექცა პოლიციას

26 ოქტომბერს, შსს-მ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადააკვალიფიცირა.

მოგვიანებით, 27 ოქტომბერს, ბათუმში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ესებუას მოსაძებნად უწყებას, შესაძლოა 1 თვეც დასჭირდეს. ასევე მან "მთავარის" ჟურნალისტს უთხრა - "მე თქვენ აჩოტებს არ გაბარებთ".

"1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", თქვა გომელაურმა, რომელიც ბათუმში პრემიერთან ერთად იყო ჩასული.

მაშინ როცა, პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ბათუმში სადილობდა, ესებუა ამავე 27 ოქტომბერს ზუგდიდში გადაადგილდებოდა და ამის ამსახველი ფოტომასალა "მთავარმა" გაასაჯაროვა. თუმცა, შსს-მ თქვა, რომ კადრები 6 ოქტომბერს სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტშია გადაღებული. 

ტელეკომპანია ასევე სპეცოპერაციის დღეებში მუდმივად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს წერდა შეტყობინებებს ნიკა გვარამიაც, რომელზე პასუხსაც კი ვერ იღებდა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი