ზუსტად 1 წლის წინ, 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკს" თავს დაესხნენ. სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი ბანკში ხელყუმბარითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, 43 პირი მძევლად აიყვანა და იმ დღესვე, ოფიციალური ცნობით, ნახევარი მილიონი დოლარით ტყეში მიიმალა.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში, შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ თავდამსხმელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა იყო.
მალევე, სახელმწიფომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა რას აკეთებს ხელისუფლება თავდამსხმელის კვალზე გასასვლელად და აკეთებს თუ არა საერთოდ რამეს, ეს ამ დრომდე არ ვიცით.
14:21 - შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით (ამის შესახებ განცხადება თავად შსს-მ მომხდარიდან ოდნავ მოგვიანებით გაავრცელა).
14:47 - მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. შემთხვევის ადგილას სულ მალე მობილიზდა სპეცრაზმი და დაიწყო სპეცოპერაცია.
15:21 - დაიწყო მძევლების ნაწილის ევაკუაცია - ბანკის შენობიდან ხალხი სახანძრო კიბით გამოიყვანეს.
15:22 - მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს - გიგი უგულავას განცხადება შემთხვევის ადგილიდან
15:39 - შსს-ს პირველი განცხადება ზუგდიდში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე. უწყება წერდა, რომ "პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები". უწყებამ მედიას მოუწოდა პირდაპირ ეთერში ტრანსლაციისგან თავი შეეკავებინა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
15:40 - ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი, რომელმაც 43 მძევალი აიყვანა, ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას საშუალებით დაუკავშირდა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
ამ პერიოდში ყაჩაღთან კონტაქტზე გადის სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავაც.
16:10 - ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია პირდაპირ ეთერში ერთვება "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვებას. მისი საშუალებით მოხერხდა პირდაპირ ეთერში თავდამსხმელთან გასაუბრებაც, რომელმაც თავისი მოთხოვნა გაავრცელა - მანქანა ან ვერტმფრენი, უსაფრთხო კორიდორი და 500.000 აშშ დოლარი, ასევე სპეცრაზმის გაყვანა მიმდებარე ტერიტორიიდან. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2-საათიანი ვადა მისცა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მძევალთა შორის აღმოჩნდა ირაკლი კვარცხელია, ხელისუფლების მიერ მართული ტროლ-ბოტები და პრორუსულად განწყობილი პირები "ნაციონალების მიერ დადგმულ სპექტაკლზე" ალაპარაკდნენ.
17:06 - "საქართველოს ბანკის" შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მძევლების ნაწილი თავად გაათავისუფლა, თავდასხმის დროს იქ მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა კი თავად მოახერხა სახანძრო კიბით შენობიდან გაღწევა.
17:09 - ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ "ის დაიწყებს მძევლების დახოცვას".
17:42 - მძევლების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ გამოსასყიდი მოიტანოს ხელისუფლებამ და გაათავისუფლონ მძევლები.
18:25 - "მთავარი არხის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველი სატელევიზო კომენტარი გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
დაახლოებით 19:00 - ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და
ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა.
19:23 - თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. მაშინ "მთავარი არხის" ჯგუფს არ მიეცა საშუალება, შეკითხვები დაესვა ქალისთვის, რომელიც შენობიდან გამოვიდა და პოლიციელებმა პერიმეტრს გაარიდეს.
19:46 - "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადო დაგეგმილი ღონისძიება და მაჟორიტარობის კანდიდატის, მალხაზ ჯალაღონიას წარდგენა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.
20:31 - არ ვიცით, რამდენია - ზუგდიდის მერს მძევლების რაოდენობაზე წარმოდგენა არ აქვს
22:12 - ირაკლი კვარაცხელია წერს, რომ თავად თავისუფალია - მძევლად რჩება 3 ადამიანი
22:16 - ზუგდიდში, ბანკის შენობასთან, ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა - ამ დროს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოპა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.
22:30 - 3 მძევალთან ერთად, გამტაცებელი გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება
ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, მას თან აქვს ფული, რომელიც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მძევლების გათავისუფლების მიზნით მომლაპარაკებელმა გადასცა. საქართველოს ბანკის შენობაში ამ დროისთვის უკვე მუშაობენ გამომძიებლები.
ერთ-ერთი მძევალი, ლაშა შენგელია იხსენებს, რომ მანქანით რამდენიმე საათი, თუმცა მხოლოდ სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში იარეს.
22 ოქტომბერი - "მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელმა 4 მილიონი დოლარი წაიღო.
25 ოქტომბერს "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ ზუგდიდში, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს.
26 ოქტომბერი - 02:31 - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, ბადრი ესებუაა. ნიკა გვარამიას თქმითვე, ბადრი ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.
ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას დედა ამბობს, რომ მისი შვილი თბილისშია. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისმა ძმამ კი თქვა, რომ ის
თბილისში სამკურნალოდ იყო წასული.
პოლიციამ ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკა. ინფორმაცია დაადასტურა მისმა ბიძამ. ესებუების სახლში, სოფელ გრიგოლიშში პოლიციელები გასულ ღამეს იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია, ამოიღეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბადრი ესებუა კიდევ ერთხელ გაიქცა.
ასევე 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და დაადასტურა ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება პირველსავე დღეს მოხდა, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ ესებუას დაკავებაში სამართალდამცველები "პრობლემებს აწყდებოდნენ".
ვლადიმერ ბორცვაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებს ესებუა რამდენჯერმე გაექცათ და მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.
შსს, ოფიციალურ განცხადებასთან ერთად, ესებუას ფოტოსაც ავრცელებს.
27 ოქტომბერი - შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა "მთავარი არხის" ჟურნალისტთან თქვა - "ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ - ან მეტი, ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი... თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ".
29 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბადრი ესებუა ზუგდიდში 27 ოქტომბერს.
29 ოქტომბერი - შსს აცხადებს, რომ ესებუას გადაადგილების კადრები ზუგდიდში გადაღებული არაა და 6 ოქტომბრით თარიღდება.
12 დეკემბერი - პოლიციამ ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა. მაშინ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ესებუას ძებნილ პირთან კონტაქტს ედავებოდნენნ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუამ მოპარული თანხის ნაწილი ძმას გადასცა, რაც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. მოგვიანებით, ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2021 წლის 21 მარტს, ვახტანგ გომელაური არ აღიარებს, რომ ბადრი ესებუას დაკავების რამდენიმე ოპერაცია წარუმატებელი იყო. მან თქვა, რომ ზუგდიდიდან "ამაყი წამოვიდა", რადგან ამ ოპერაციებისას არავინ დაშავებულა.
5 მარტს ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ესმის, რომ ბადრი ესებუა დასაკავებელია. მისივე თქემით, არ იცის ეს როდის მოხდება, მაგრამ ყველაზე მეტად მას სურს, რომ დააკავონ.
5 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ისევ ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას აუცილებელად დააკავებენ. მისი თქმით, შეიძლება 10 წელი გავიდეს, ან ესებუას დაკავება მის შემდეგ მეოთხე მინისტრმა შეძლოს, რაც ჩვეულებრივი "თემაა".
31 მაისს შს მინისტრმა თქვა, რომ - "ბადრი ესებუა სადაც არის ვიცით ჩვენ. ისვენებს".
ესებუასთან დაკავშირებით ბოლო საჯარო განცხადება გომელაურმა 23 ივნისს გააკეთა და თქვა, რომ ბადრი ესებუა საქართველოშია.
"მნიშვნელოვანი თემაა მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ღირსების თემაა. ვმუშაობთ... ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად. ვისაც უნდა ყველაზე ძაან ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის", - თქვა მაშინ გომელაურმა.
ბადრი ესებუას მიერ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა საზოგადოებაში, დროთა განმავლობაში, კომიკურად იქცა. "ესებუას შოთი", "ესებუას შაურმა" - ის ერთგვარ ბრენდადაც ჩამოყალიბდა და ეს სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომელმაც დამნაშავე ყაჩაღი ამ დრომდე ვერ დაიჭირა და მხოლოდ მისი რომანტიზება შეძლო.