კრიზისიდან კრიზისამდე - 2020 წლის საქართველოს პოლიტიკური მოვლენების შეჯამება

გამოქვეყნდა:

2020 წელი როგორც მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც მრავალმხრივ დატვირთული, შეიძლება ითქვას, ზედმეტად დატვირთული, დაძაბული და არასტაბილური აღმოჩნდა. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი.

როგორ დავიწყეთ 2020

შეიძლება ითქვას, რომ ახალმა წელმა ქვეყანაში ისე შემოაბიჯა, როგორც მთლიანად 2019 წელს ეკადრებოდა - პარლამენტის წინ აქციის, პოლიციის კორდონის, რკინის ჯებირებისა და პროტესტის ფონზე. 31 დეკემბერს საკანონდმებლო ორგანოს წინ დაპირისპირება მერიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის წარმომადგენლებმაც პარლამენტთან შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აშალეს და გასაბერი ზვიგენი დადგეს. გასაბერმა ზვიგენმა მაშინ ხალხს მთაწმინდაზე, ბიზნესცენტრში, ბიძინა ივანიშვილთან მცხოვრები ზვიგენები გაახსენა, დაცინვისა და კრიტკის შემდეგ ეს ბატუტი დაფუშეს და ადგილზე საახალწლო ატრაქციონები განათავსეს. პროტესტი კი ხაზად მთელ წელს გაჰყვა.

ფოტო:მთავარი არხი

2020 წელს გაგრძელდა პროტესტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ე.წ. ამბოხებული და თან „პრინციპული“ დეპტუტატების გამო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას მოჰყვა. ოპოზიცია მაშინ ერთი მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა - ვადამდელი არჩევნების პორპორციული სისტემით ჩატარება და ე.წ. გერმანული მოდელი. ( გერმანული მოდელის მიხედვით, უქმდებოდა მაჟორიტარული სისტემა, პარლამენტში ადგილები კი არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად ნაწილდებოდა). პარალელურად კი „დაბოქლომების“ აქციები დაიწყო. ამას გარდა, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ფოტო: პარლამენტი

რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო. მმართველი გუნდი ოპონენტებს 100/50-ზე სისტემას სთავაზობდა, რაც ოპოზიციისთვის საკმარისად პროპორციული არ იყო. მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იყვნენ ჩართული,  „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას კიდევ ერთხელ დაკავების გამო შეჩერდა. ამის შემდეგ, ოპოზიციამ სისტემის ცვლილებასთან ერთად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხვა.

დიალოგი ისევ ელჩების ჩართულობით, ამჯერად არაფორმალურ გარემოში განახლდა და საბოლოოდ, 8 მარტს მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა -  ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან თანაფარდობაზე შეთანხმდნენ - „თითქმის პროპორციული“. ამავდროულად, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ევროპარლამენტარების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საპატიმროში ამ დრომდე რჩება „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა.

კორონავირუსი და პოლიტიკა

2020 წლის დაწყებიდან მალევე, უფრო ზუსტად კი 26 თებერვლს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ცოტახანშივე ამ პრობლემამ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური საკითხი გადაფარა და თვითონ გახდა პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი. მთავრობა ეტაპობრივად აწესებდა სხვადასხვა შეზღუდვებს, შექმნა პლატფორმა Stopcov.ge, რომლის შემოწმებაც დღეს მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიურობად იქცა, მოგვიანებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რასაც ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ მოჰყოლია; მაგალითად, „გირჩმა“ მისი გაუქმების მოთხოვნით აქციაც გამართა.

მთავრობის გეგმაში იყო ისეთი გაურკვეველი საკითხები, რომლებზეც მკაფიო პასუხები ხელისუფებისგან დღემდეგ არ გვაქვს, მაგალითად ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რატომ აიკრძალა ონლაინ ვაჭრობა და მიტანის სერვისები პირველ ეტაპზე, ან რატომ არ შეიძლებოდა ერთი ოჯახის წევრების მანქანაში წინა სავარძელზე დაჯდომა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელი შეზღუდვის დარღვევაში მედიამ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამხილა.

პანდემიის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ თვეში, ოპოზიცია ხელისუფლებას სათანადო მექანიზმების არქონის გამო აკრიტიკებდა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში სწრაფი ტესტი გაიკეთა, მისი მტკიცებით, პასუხი უარყოფითი იყო, ამ ფორმით კი ხელისუფლებას ტესტების შეძენისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაახანგრძლივა, ამას საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და მმართველ გუნდს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოსთხოვა.                                            

24 აპრილს გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარადგინა, ოპოზიციის შეფასებით, მთავრობა სოციალურ დახმარებებს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყენებდა, სწორედ ამ მიზეზით იყო ის, დროში გაწელილი. მოგვიანებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას ანტიკრიზისული ბიუჯეტის საკუთარი გეგმაც წარუდგინა. კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხელისუფლების ოპონენტები შეზღუდვებში ხედავდნენ აქციების გამართვის აკრძალვა იყო. საგანგებო მდგომარეობა მეტჯერ აღარ გახანგრძლივდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ ცვლილება არაკონსტიტუციურად შეაფასა. მოგვიანებით, კრიტიკის შემდეგ „ოცნებამ“ კანონში დროის „ჩამკეტი“ ჩაამატა. 23 მაისიდან ქვეყანაში შეზღუდვების უმეტესობა შემსუბუქდა, თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებების კრიტიკა ისევ დღისწესრიგში რჩება. მითუმეტეს, რომ ქვეყანა მეორე ტალღის დროს უფრო დიდი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა - ასეა დღემდე. 

წინასაარჩევნო კამპანია დაპირისპირებისა და ძალადობის ფონზე

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად პირველ სექტემბერს დაიწყო. „მთავარი არხის“ დაკვეთით, ფრანგული კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული ოთხივე კვლევაში, კითხვაზე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ რომ ხელისუფლება შეიცვალოს თუ იგივე დარჩეს? გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა პასუხობდა, რომ ცვლილებები სურდათ. კვლევებით დასტურდებოდა ისიც, რომ ხალხს კოალიციური მთავრობა უნდოდა და არა ერთპარტიული.

ბოლ წლებში ჩატარებულ არჩევნებს თუ გადავხედავთ, არ გაგვიკვირდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდს ამჯერადაც არ ჩაუვლია ძალადოის, დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების გარეშე. 

წელს მარნეული დაპირისპირებების მთავარი ეპიცენტრი იყო, ამიტომ პირველად იქ მომხდარ ამბავს გაგახსენებთ - "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ, არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააზიანეს კამერა და მიკროფონი, ადგილობრივ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავი გაუტეხეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დაპირისპირებისას დაზარალდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორიც. „ქართულმა ოცნებამ“ იმ საღამოს მარნეულში მომხდარ ინციდენტზე განცხადება ისე გაავრცელა, რომ დაზარალებული ჟურნალისტები საერთოდ არ უხსენებია.

მივყვეთ მოკლე ქრონოლოგიას:

ეს ინციდნეტების სრული ჩამონათვალი არ არის, თუმცა, „ქართული ოცნების“ პასუხი ყველა შემთხვევაზე „რადიკალური ოპოზიციისკენ“ თითის გაშვერა იყო. მეტიც, მმართველი გუნდის ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელში ჩაუვარდა სია, რომ ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძეს და დიმიტრი შაშკინს ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები ჰყავდათ. ეს მაშინ, როცა გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დრო ნიკა მელიას ქვები დაუშინეს. კობახიძისვე აზრით, ნიკა მელიას მხარდამჭერები კონკურენტის, ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე თეთრი პერანგებით სპეციალურად მივიდნენ, რათა „პროვოკაციის კვალი დატყობოდათ“.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, ტრადიციისამებრ, პროკორატურამ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით კიდევ ერთი საქმე აღძრა, წინასაარჩევნო პერიოდში დააკავეს და ამ დრომდე ციხეში არიან კარტოგრაფები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. 2020-ში აღძრულ პოლიტიკურ და დაუსრულებელ სასამართლო საქმეებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

როგორც ადრე, ისე ამჯერადაც წინასაარჩევნო კამპანია არ გამოუტოვებიათ სასულიერო პირებს. ალბათ, არც იმას გაუკვირვებია ვინმე, რომ ანაფორიანი სტუმრები ამჯერადაც მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ შეკრებებს ესწრებოდნენ, მეტიც, ქუთაისში მსგავსი შეხვედრა ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა. საპატრიაროქოს თვალი ამჯერადაც „ფართოდ ჰქონდა“ დახუჭული და პრობლემა არაფერში დაუნახავს.

მიუხედვად ყველაფრისა, არჩევნების წინა დღეს პრემიერმა თქვა, რომ წინაასაარჩვენო პერიოდმა „წყნარად, მშვიდად აბსოლუტურად ტრანსპარენტულ გარემოში ჩაიარა“. იგივე აზრს ნამდვილად არ იზიარებდა „საქართველოს ახალაგზარდა იურისტთა ასოციაცია“, რომლის ანგარიშის მიხედვითაც, 1-26 ოქტომბრის პერიოდში დამკვირვებლებმა ზეწოლის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები დააფიქსირეს.

ამ არჩევნების ორ დასამახსოვრებელ კამპანიად „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის - დაურეკე ალეკოს და „ნაციონალური მოძრაობის“ – დაავალე მიშას - გამოვყოთ. მესამე პრეზიდენტს წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ჩასაბარებელი ყურძნის ფასის ზრდა, მიწების დაკანონება თუ სხვა "დავალებები" გადასცა.

ფოტო: ალეკო ელისაშვილი/FB

არჩევნები 2020 - წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა

მშვიდად არც უშუალოდ 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს ჩაუვლია, მისამართებზე ჩაწერა, გადასატანი ყუთის სიაში მიწერილი ხალხი, შანტაჟი სკოლებში, ჯარში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. არჩევნების დღეს გლდანში იყო სროლაც, გაყალბებულმა, ჩასწორებულმა და ჩასწორების შემდეგ კიდევ გადასწორებული ოლქების ოქმები კი მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა. ჯამში, შინაგან სამქეთა სამინისტრომ, არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტების გამო 9 საქმეზე სისხლის სამართლის, 7-ზე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გამოძიება დაიწყო.

ამას ემატებოდა კორონავირუსის გამო შეცვლილი წესები; წელს პირველად, ამომრჩევლებს უბნებზე სპეციალური სტიკერები დახვდათ 2-მეტრიანი რიგის დასაცავად, მათ უბანზე სიცხეს არ უზომავდნენ, თუმცა პირბადის მოხსნა მხოლოდ ორჯერ შეეძლოთ, ამომრჩეველი გადიოდა ხელის დეზინფექციის პროცედურას. ცესკო-ს გადასატანი ყუთი მიჰქონდა კლინიკებში მყოფ პაციენტებთან და იზოლაციაში მყოფ პირებთან.

ცესკოს ყოფილმა თანამშრომლებმა, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს, მათ შორის, კარდაკარის პრინციპზე, პირადობების გაყალბებაზე, მისამართიდან გადაწერა თუ სხვა. ოფიციალურად სხვა ბრალით, თუმცა ხუსკივაძე-კობალაძე "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ დააკავეს, 10 დეკემებრს სასამართლომ ორივე მათგანი 10 000-10 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

პანდემიის გამო არჩევნებს წელს პირველად NDI-ის, IRI-ის დამკვირვებლები ადგილზე ვერ აკვირდებოდნენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისმა OSCE/ODIHR-მა კი, თავისი დამკვირვებლები შეზღუდული ფორმატით გამოგზავნა.

28 ოქტომბერს, IPSOS-ის კვლევაში, რომელიც „მთავარმა არხის" დაკვეთით ჩატარდა, გამოკითხულთა 49%-ს ხელისუფლების შეცვლა სრუდა, ალოკაციის მეთოდის გამოყენების მიხდევით „ქართული ოცნება“ 40%-ს იღებდა, ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია 33%-ს.

ცეკსო ჯერ ვერაფერს თვლიდა, ან რასაც თვლიდა არასწორი იყო და თავიდან თვლიდა, საბოლოო მონაცემები კიპირველი ნოემბრის ღამეს გამოაქვეყნა. მათი დათვლით, „ქართულ ოცნებას“ 48,15% პროცენტი ჰქონდა აღებული, თბილისის ყველა და კიდევ რამდენიმე მაჟორიტარულ ოქლში კი მეორე ტური ტარდებოდა.

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 795 ამომრჩეველი მივიდა, თუმცა ამავე დოკუმენტში პოლიტიკური სუბიექტების გასწვრივ მითითებულ ხმათა რაოდენობის ჯამი, ბათილი ბიულეტენების გამოკლებით, 3058-ს უდრის:

ფოტო: საია 

სანამ მთელი ქვეყანა დაუბალანსებელ ოქმებზე ალაპარაკდებოდა, გამარჯვების მოლოდინში ზეიმისთვის „ქართული ოცნებაც“ ემზადებოდა - იზეიმეს კიდეც. გამარჯვების მოლოდინში მყოფი ოპოზიციური სპექტრი კი, დღემდე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და პერმამენტული აქციები დაიწყო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმაც“ კი განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია, ისინი ამ შედეგებს არ ცნობდნენ და არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.

აქციების პარლალეურად, რომელიც ცესკოსთან 8 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, ოპოზიცია სამართლებრივი გზითაც ცდილობდა არჩევნების გაყალბება დაედასტურებინა, თუმცა, ცესკო-მ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა. იგივე მოხდა სასამართლოშიც, რომელმაც არსებითად არაფერი განიხილა. 

მდუმარე აქცია-მსვლელობით არჩევნების გაყალბებაზე ხმა მიაწვდინეს თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომეპოსაც. პომპეო ოპოზიციას არ შეხვდა, თუმცა მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში მისი წარმომადგენელი, ფილიპ რიკერი დაეტოვებინა. რიკერმა ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან არჩევნების თემაზე შეხვედრები გამართა.

21 ნოემბერს ქვეყანაში მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მოხლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და თავის თავთან გამარჯვებაც იმევა საღამოს აღნიშნა. „ჩვენ გავიმარჯვეთ“ - დაწერა პარტიამ Facebook-ზე, არ დაუკონკრეტებიათ ვისთან, თუმცა ამ პოსტს რაც მოჰყვა ხედავთ - პოსტს 28 ათასი "haha" რეაქცია აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების ორივე ტურის ჩავლის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა თანამშრომლებთან ერთად დატოვა პრესსპიკერმა, ანა მიქლეაძემაც, რომელიც უწყებაში 2015 წლიდან მუშაობდა. 

"რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში", - დაწერა მან.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტი

12 ნოემბერს, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკებები გაიყინდა და ახლაც არ ვიცით როდის გაგრძელდება - თითქოს, უსასრულოა. მაგრამ, მანამ, სანამ მხარეები პოზიციების დაახლობას ვერ ახერხებდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტი შეკრიბა და საკანონმდებლო საქმიანობაც დაიწყო. ერთი კვირაც საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ახალი დეპუტატები, განსაკუთრებით პიანისტი, ექიმი, სპორტსმენები და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თავს ბევრი რამით „გამოიჩენენ“.

არჩევნების შემდგომ დაწყებული მოლაპარაკები, მე-4 რაუნდის ჩათვლით შედგა. მეხუთე რაუნდის მოლოდინში ზოგიერთმა ოპოზიციონერმა - ამ დროისთვის „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ავთანდილ ენუქიძემ გადაწყვიტეს, რომ მანდატზე უარი არ თქვან. უფლებამოსიელბის გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს „გირჩის“ ნაწილს, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით.

მანამდე კი 24 დეკემებერს „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში ძველი, ახალი მთავრობა დაამტკიცა და ხელისუფლებაში თავიანთივე გუნდის წევრებს უპირობო ნდობა გამოუცხადა. სხდომის პარალალერუად კი ძირითადი ოპოზიცური სპექტრი შეიკრიბა და მათ მემორანდუმები გააფორმეს, უარი თქვეს მანდატებზეც. ოპოზიცია ამ დრომდე ერთიანია მოთხოვნაში, რომ ქვეყანაში ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად არ იზიარებს და იტოვებს იმედს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ დარჩება.

არჩევნების შემდეგ ცვლილებები მოხდა ცალკეულ პარტიებშიც:

  • "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან წავიდა გრიგოლ ვაშაძე, ის ნიკა მელიამ ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ პარტიის წევრებმა და მათთმა მხარდამჭერებმა ონლაინ რეჟიმში აირჩიეს. 
  • "ევროპული საქართველოდან" წავიდა და ცალკე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას აპირებს ელენე ხოშტარია. 
  • ზურა ჯაფარიძემ ახალი "გირჩი" დააფუძნა და მომავალში საქმიანობის გაგრძელებას ცალკე აპირებს.

ერთია, ფორმალურად არჩევნები 2020 ჩავლილია, ქვეყანა 2021-ში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას, იქნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩვნები ეს ჯერ ბუნდოვანია მომავალია. იქამდე კი, დარჩება თუ არა თბილისში გადმოტანილი პარლამენტი ერთპარტიული, ოპოზიციისთვის მთავარი სამიზნე მაინც ბიძინა ივანიშვილია. ამ უკანასკნელზე კი, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისევ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს, ამიტომ, თუ გენდომებათ გაიხსენოთ რას დაგპირდათ, მანამ, სანამ ისევ „გადაგვაგდებს“ ნახეთ აქ.
 

ავტორი: სალომე ჩიკვილაძე.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი