პოლიტპატიმრები და პოლიტიკური მძევლები - საქართველოს 2020 

გამოქვეყნდა:

ივერ მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე - საქართველოში პოლიტიკური მოტვით დაკავებულთა სიას 2020 წელს კიდევ 4 გვარი დაემატა.

ამ დროს კი, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ერთპარტიული პარლამენტი მორიგი ამნისტიისთვის ემზადება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს ეხება, თუმცა ხელისუფლებამ გვერდი აუარა იმ მუხლებს, რომლითაც პოლიტპატიმრები არიან მსჯავრდებულები, ან ბრალდებულები.

სამაგიეროდ, "ქართული ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს ძალადობა. დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, ამნისტია შეეხოს და ციხე დატოვონ იმ მსჯავრდებულებმა, რომლებიც ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის იხდიან სასჯელს.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ისნის საოლქო კომისიის წევრების საქმე

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე 2020 წლის 7 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალად ქრთამის შეთავაზება, იძულება და მუქარა ედებათ.

კობალაძე და ხუსკივაძე მას შემდეგ დააპატმრეს, რაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომერე, თედო გობეჯიშვილი ამავე დღეს, საკუთარ სხლში გარდაცვლილი ნახეს

გობეჯიშვილი, ხუსკივაძისა და კობალაძის ბავშვობის მეგობარი იყო და ბრალდების მხარის მტიცებით, დაკავებულები მას საჯაროდ, თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ 50 000 დოლარს დაპირდნენ, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ.

გამოძიების პარალელურად, ამოქმედდა ბინძური პროპაგანდა - ხუსკივაძესა და კობალაძეს ბავშვობის მეგობრის სიკვდილამდე მიყვანა დაბრალდათ.

რეალურად კი, თავად დაკავებულებიც და დაცვის მხარეც, დარწმუნებულები არიან, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ რეპრესები მას შემდეგ აამოქმედა, რაც ცესკო-ს მანიპულაციებისა და არჩევნებს გაყალბების სქემებზე ხუსკივაძემ და კობალაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" არჩევნების გაყალბების მექანიზმებსა და ხერხებზე ისაუბრეს. 

საქმე რომ პოლიტიკურია, ამაზე მეტყველებს იმ წერილის შინაარსი, რომელიც აკაკი კობალაძემ იზოლატორიდან გამოგზავნა, სადაც ვაკე-საბურთალოს მე- 5-ე განყოფილებაში,  განყოფილების უფროსთან, გიორგი ფერხულთან საუბარს აღწერდა.

როგორც წერილიდან გაირკვა, პოლიციის შენობაში მას აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს (თედო გობეჯიშვილს), ენმ-ს ერთერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის დავალებით სთავაზობდნენ ფულს და ემუქრებოდნენ.

აკაკი ხუსკივძისა და აკაკი კობალაძის გათავისუფლება ერთერთი იყო იმ მოთხოვნებიდან, რომელსაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“, გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკებებისას აყენებს.

ხუსკივაძე და კობალაძე 10 დეკემბერს, 10 000 - 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

პროცესების პარალელურად, ოპოზიციას თავისი მოთხოვნები აქვს ხელისუფლებასთან, თუმცა ამ დრომდე უშედგო; ისინი ითხოვენ:

  • ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  • ცესკო-ს თავმჯდომარისა და ადმინისტრაციის გადადგომა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება;

    აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გარდა, პოლიტპატიმრების სიაში ოპოზიცია ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვასაც მოიაზრებს.

კარტოგრაფების საქმე

აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

მათ პროკურატურა სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

გამოძიებას კი საფუძვლად რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის -  დავით ხიდაშელის რუსეთიდან ჩამოტანილ რუკები დაედო. 

მოგვიანებით ეს რუკები მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოს და შოთაძის პროკურატურას გადასცა. 

საქმეში დევს, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრის, მამა კირიონის ჩვენებაც.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ივანიშვილის ხელისუფლებამ ის წინასაარჩევნოდ, პროპაგანდისთვის გამოიყენა.

არჩევნებმა ჩაიარა, თუმცა, მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან, მათი ადვოკატები კი საქარველოს პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ზურაბიშვილი სადაო პერიოდში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იყო და წესით უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სადემარკაციო კომისიის მუშაობაზე.

საქმეზე უკვე გამოკითხეს, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები გელა ბეჟუაშვილი, მიხეილ ჯანელიძე, უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ადვოკატები.

ადვოკატების ინფორმაციით, ჩვენებებში, მათ შორის, რუკების ჩამომტანი ხიდაშელის ჩვენებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ორჯერ გამოკითხა, უზუსტობებია. ადვოკატებისვე თქმით, ხიდაშელი სატელევიზიო ინტერვიუებში ამბობს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, ხოლო ჩვენებებში ოლიგარქის გვარს საერთოდ არ ასახელებს.

სისხლის სამართლის გამოძიების უკან, პოლიტიკური ინტერესები კიდევ ერთხელ გამოვლინდა წლის ბოლოს, ერთპარტიული პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, როდესაც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად მიუთითა პროკურატურას, რომ „დიდი მისია აკისრია“ და მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბრალდება დააანონსა.

ნუ გაისვრით ხელს!!  შეეწინააღმდეგეთ უსამართლობას და ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებას - ამ სიტყვებით მიმართავს ივერ მელაშვილი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე მოხელეებს, წერილში, რომელსაც მეცნიერი ციხიდან აგზავნის.

წერილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში", 26 დეკემბერს გასაჯაროვდა.

გიორგი რურუას საქმე

„მთავარი არხის“ მეწილე რომ პოლიტიკური პატიმარია, ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. 

გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნა ერთხელ უკვე იყო დაყენებული ფასლიტატორ ელჩებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა, რურუა ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა. მეტიც, „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აღიარებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.

გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში, 2 ნოემბერს მას საპყრობილეში თავს დაესხნენ.

17 დეკემბერს კი მისი ცემის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ N8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავა და ბრალი წარუდგინა. მათ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სანამ გიორგი რურუა პატიმრობაშია, მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა დედაქალაქში. 

პოლიტიკური პატიმრების გარდა, ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური მძევლები
ივანიშვილის ხელისუფლება დროდადრო, მისთვის ხელსაყრელ მომენტში ააქტიურებს „თაროზე შემოდებულ“ სისხლის სამართლის საქმეებს და ამით თავის ოპონენტებს ეუბნება, რომ დაიჭერს მაშინ, როცა მოუნდება.

ნიკა გვარამიას საქმე

არჩევნების დასრულებიდან მალევე, ქართულმა ოცნებამ თაროდან ჩამოიღო ნიკა გვარამიას საქმე, რომელზეც სასამართლო პროცესები 8 მარტის შეთანხმების შედეგ შეწყდა.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის პროცესი ე.წ. რუსთავი 2-ის საქმეზე 7 დეკემბერს ჩაინიშნა. შეტყობინება ნიკა გვარამიამ მისი საქმის განახლების შესახებ 1 დეკემბერს მიიღო.

ამავე დღეს დაეგზავნათ იგივე შინაარსის შეტყობინებები ოპოზიციის ლიდერებს - ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა მალევე ხელისუფლებამ უკან დაიხია და სასამართლო პროცესები, პანდემიის მიზეზით, ისევ გაურკვეველი ვადით გადადო, თავისივე ჩანიშნული სასამართლო სხდომიდან 24 საათში არც კი.

12 დეკემბერს ნიკა გვარამიამ ხელისუფლებიდან კიდევ ერთი ახალი შეტყობინება მიიღო - "დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რუსთავი 2-სთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში" - ინფორმაცია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა "ფეისბუქით" გაავრცელა.

თავის მხრივ ნიკა გვარამია კი ამბობს:

"ყველას იჭერენ ვისაც უნდათ, ამას ქვია ტყვეობაში აყვანა...რაში გვჭირდება დაჭერილებსი გამოშვება მხოლოდ, არც იმ დაჭერილებს სჭირდებათ სამადლო გამოშვება, მათ სჭირდებათ სიმართლე და აღიარება, რომ სახელმწიფო მიტაცებულია, სადაც 1 კაცი წყვეტს ყველაფერს და ის არის სასამართლოც, პოლიციაც და პროკურატურაც, დაკავებულები კი პოლიტპატიმრები. ეს არის ამ ხალხის სატისფექცია და არა სამადლოდ და სანაცვლოდ, ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ მათი გამოშვება, მათ შორის ჩემი საქმიე შეწყვეტა, არ მჭირდება მე ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ ჩემი საქმის შეწყვეტა, არაფერში არ მჭირდება"

მუქარისშემცველი შეტყობინებების პარალელურად, გრძელდება თვალთვალი მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ოჯახზე და ამას არც უარყოფს ხელისუფლება. 

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოცნება" უკანონო მიყურადებაში უკანონოს ვერაფერს ხედავს.

გიგი უგულავას საქმე

დედაქალაქის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტმა, 15 მაისს შეიწყალა.

გიგი უგულავა უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 10 თებერვალს დააკავეს. უმაღლესმა ინსტანციამ ის დამნაშავედ ცნო და 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა და ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი ჰქონდა. უზენაესმა სასამართლომ კი თავის გადაწყვეტილება 10 თებერვალს, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. ანუ 1 საქმეზე უგულავას ორი პატიმრობა ჰქონდა. 

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

გიგი უგულავს მსგავსად, 15 მაისს პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმრო დატოვა ირაკლი ოქრუაშვილმაც.

ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე შეუფარდეს. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის შესახებ რომ ბუნდოვანებებია, ამას ევროკავშირის დელეგაციაც მიუთითებდა, კარლ ჰარცელმა კი თქვა, რომ პოლიტიკოსის დაკავება გაამძაფრებს პოლარიზაციას და ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარეები დარჩნენ 8 მარტის შეთანხმების ერთგული. 

ნიკა მელიას საქმე

ენმ-ს ლიდერი და ახლა უკვე ყველაე დიდი ოპოზიცური პარტიის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მუდმივი სამიზნეა. 

ელექტრო სამაჯური, რომლის ტარებაც სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლის წინ მიუსაჯა, პოლიტიკოსმა გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა და ხალხში მოისროლა. 

აქედან 2 დღეში, 3 ნოემბერს, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მალევე ეს შუამდგომლობა 100 000 ლარიანი გირაოს მოთხოვნით შეცვალა. სასამართლო პროცესზე გაირკვა ისიც, რომ პროკურატურა მელიასთვის ყველა შეზღუდვის მოხსნას ითხოვდა და აღიარა, რომ დაწესებული შეზღუდვები არაეფექტური იყო. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დაუბრუნდა პასპორტი, თუმცა ქვეყნის გარეთ გასვლა ისევ აკრძალული აქვს, გაუქმდა სამაჯურიც და დაეკისრა 70 000 ლარიანი გირაო.

ამასობაში, ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს, ეს კი მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

ვანო მერაბიშვილის საქმე

შს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხიდან 20 თებერვალს, 6 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.

მერაბიშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა ევროსასამართლომაც დაადასტურა, როცა მის წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან". 

ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველომ დიდ პალატაში გაასაჩივრა, თუმცა დიდმა პალატამაც ძალაში დატოვა. 

მერაბიშვილის უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მერაბიშვილი ციხიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო, რადგან ქვეყნებმა, სადაც სტრასბურგმა იგივე მუხლის დარღვევა დაადგინა, პატიმრები გაათავისუფლეს, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არავის უღიარებია, რადგან სიტყვა "პოლიტპატიმარი" ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახსენები არ იყო, შესაბამისად მერაბიშვილი არ გაათავისუფლეს და მას პატიმრობის ვადის სრულად მოხდა მოუწია.

ვადის დასრულება მოუწევთ სავარაუდოდ, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც  - ბაჩო ახალაია, რომა შამათავა, რომლებიც უკვე წლებია სასჯელს იხდიან და ამდენივე წელია ისმის კითხვა, დაირღვა თუ არა მათთან მიმართებაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპი? მათი დაცვის მხარე, ახლობლები და ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ციხეში ისინი შეთითხნილი ბრალდებებით, პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ ასე სურს იმ ერთ ადამიანს - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

ქვეყანაში სამართლიან სასამართლო რომ პრობლემაა, დიდი ხანია საუბრობენ სამოქალაქო სექტორში. ჯერ კიდევ 2018 წლის 16 ოქტომბერს, საერთაშორისო ორგანიზაცია გამჭირვალობის სათავო ოფისმა თქვა - "სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებია საქართველოში". თუ კი აქამდე მხოლოდ ნიშნები იყო,  უკვე 2020 წელს, ორგანიზაციამ დაწერა, რომ სახელმწიფო მიტაცებულია

მიტაცებული სახელმწიფოს სასამართლოს სახე, კარგად ჩანს სამოქალაქო აქტივისტების საქმეებშიც:

ახალგაზრდულ ორგანიზაციები ქვეყანაში განსაკუთრებით, 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ გააქტიურდნენ და დღე თითქმის არ გავა, მათი ხმაურიანი პერფორმანსები და პროტესტი, სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

ამის შემდეგ, როგორც წესი, აქტივისტებს პოლიციელები აკავებენ, მათ წინააღმდეგ სასამართლოზე მტკიცებულებად ამავე პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან და პოლიტიკური მართლმსაჯულება პროტესტის ჩახშობას ხან სოლიდური ჯარიმებით, ხან ხელწერილებით, ხანაც რამდენიმედღიანი პატიმრობის მისჯით ცდილობენ.

სამოქალაქო საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობისა და სამაგალითოდ დასჯის ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა ბესიკ თამლიანის საქმე.

გავრილოვის ღამის კიდევ ერთი პატიმარი, რომელმაც თითქმის ერთი წელი საპატიმროში გაატარა, წელს, მარტში გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დააკავეს ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილიც.

ზურაბ ბუდაღაშვილმა ერთერთ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და ემუქრებოდნენ.

სამივე მათგანი სასამართლომ 6 მარტს, საპროცესოთი გაათავისუფლა.

ფრაზას "ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს", პოლიციელები მოქალაქეთა წინააღმდეგ ვეღარ გამოიყენებენ - საკონსტიტუციო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება

წლის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გადაწყვიტა და არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც პოლიციელების ოპერატიული ინფორმაცია საკმარისი იყო ამა თუ იმ პირის მსჯავრდებისთვის.

ეს იმას ნიშნავს რომ  პოლიციელები  მხოლოდ ოპერატიულ წყაროზე დაყრდნობით ვეღარ შეძლებენ იმის მტკიცებას, რომ პირს შეძენილი ჰქონდა, ინახავდა ან ატარებდა აკრძალულ საგანს - მაგალითად იარაღს, ან  ნარკოტიკს.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად სცნო და მნიშვნელოვანი ჩანაწერი გააკეთა ოპერატიული ინფორმაციით ჩხრეკასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს, რომელსაც იარაღი „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უპოვეს“ და სასამართლოც მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო. 

საკონსტიტუციოს გაუქმებული ნორმის მიუხედავად, რურუას დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი რომ ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეიცვლის და „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ციხიდან გამოუშვებს.

ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. ერთპარტიულმა პარლამენტმა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით მიღებული ცვლილებები 2021 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს ძალაში. ამავე პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს რომელ საქმეებს შეეხება ის  - უკვე გამოტანილ განაჩენებს, მიმდინარეებს, თუ ახალს.

მანამდე კი, 2021 წელს, ისევე როგორც 2020-ს ქვეყანა პოლიტპატიმრებით, პოლიტიკური დევნილებითა და პოლიტიკური მძევლებით ხვდება. პოლიტიკოსები კი კვლავ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, იმისთვის, რომ ძირეული ცვლილებები გატარდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი