მიხეილ სააკაშვილის 1 კვირა გორის სამხედრო ჰოსპიტალში | ყველა ამბავი და გამოხმაურება [მოკლედ]

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება "ოცნების" ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული გახდა და ადვოკატებტან შეხვედრის შემდეგ, გონება დაკარგა

ხელისუფლების შეთავაზებას გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა, რის შემდეგაც, მალევე, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალში გადაყვანისა და შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს ელენე ხოშტარიამ, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოს წევრებმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა, ენმ-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ და მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, ასევე ყველა იმ ადამიანმა, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა. 

რა მოხდა ამ 1 კვირის განმავლობაში - მივყვეთ ქრონოლოგიურად:

20 ნოემბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამითვე შევიდნენ გიული ალასანია, ნიკა გვარამია და ნიკოლოზ ყიფშიძე. კლინიკის დატოვების შემდეგ თქვეს, რომ გადმოყვანისა და დაბინავების პროცედურებით კმაყოფილები იყვნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, იმ დროისთვის, სტაბილურად კრიტიკული იყო.

იმ დღესვე, გამთენიას, განცხადება გაავრცელეს ამერიკელმა სენატორებმა. ისინი მოხარულები იყვნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მან შიმშილობა შეწყვიტა. აქვე, მათ მოუწოდეს მთავრობას, მესამე პრეზიდენტისთვის სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. 

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ 
"პერიოდულად შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას, მივაწვდით ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს".

ამავე დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და 
პერიმეტრზე დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს.

"მივესალმები გუშინდელ მოვლენებს" - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. მისი თქმით, 
ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო მკურნალობა და სათანადო სამართლებრივი პროცესი მთავარ საკითხებად რჩება. 

20 ნოემბერსვე, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულეს სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა - "იღებს საკვებს სქემის მიხედვით... ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა".მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა კი თქვა, რომ მისი რეკომენდაციაა, "მიხეილ სააკაშვილს მიეცეს თავისუფალი მკურნალობის უფლება სრულ გამოჯანმრთელებამდე".

დღის ბოლოს, ამერიკულმა გამოცემა Poliltico-მ გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის მიერ მათთვის გაგზავნილი წერილი - "მე დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი... აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს".

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ სტატია გამოაქვეყნა Washington Post-მაც. 

21 ნოემბერი

როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დილიდან, გორის ჰოსპიტალში კომენტარი არ გაკეთებულა. მის მოსანახულებლად პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მხოლოდ დღის ბოლოს შევიდა. გამოსვლის შემდეგ კი თქვა, რომ "აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, წნევა თამაშობს"... 

ამავე დღეს, მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლმა, ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელიც მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის გისოსებიან პალატას უყურებს: 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბარსელონაშიბერლინში, ვენასა და მილანში

დღის ბოლოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კონსილიუმის წევრებმა კვლავ მოინახულეს - "როცა ადამიანი წყვეტს შიმშილს, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად... ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია"...

22 ნოემბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ, რომელმაც თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა მას გააადგილება უჭირს და ზოგადი სისუსტე აქვს. 

სპეციალურად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად დაწესებულებაში ადვოკატები და სახელმწიფო კონსილიუმის წევრები შევიდნენ. დიტო საძაგლიშვილის თქმით, "ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება".

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით კი "დღეს დამთავრდა მესამე კრიტიკული დღე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად".

ამავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს მიმართა და სთხოვა, რომ მისი ექსპერტთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესულიყო. ტიკარაძის თხოვნას სახალხო დამცველის აპარატი დათანხმდა.აქვე, ომბუდსმენმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩაწერის კანონიერების შესასწავლად, ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძემ თქვა, რომ ეს ფაქტი ხელისუფლებას "აძლევს საფუძველს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწროს".

22 ნოემბერსვე, გვიან ღამით, გასაჯაროვდა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება, საიდანაც გაირკვა, რომ სავარაუდოდ, "ოცნებამ" იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად.

23 ნოემბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვარდების რევოლუციის 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა - "ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს"...

ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ - თქვა, რომ "ცვლილებების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ასე დიდხანს არ დარჩება!"

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა და თქვეს, რომ "ის ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება". გორის ჰოსპიტალში შევიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომლის ინფორმაციითაც, დაწესებულებაში შესვლა ძალიან გართულებულია"

24 ნოემბერი

საქართველოში შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ " მიხეილ სააკაშვილს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი შეძლებენ თუ არა ამ საავადმყოფოში ყველა დახმარება აღმოუჩინონ".

კონსილიუმის წევრი ექიმის, ელენე გიორგაძის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალის დერეფანში 5 წუთით ისეირნა

მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამაც. რომელმაც შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მასთან "ემპათიას" ექსპერტების დაუყოვნებლივ შესვლას მოითხოვდა". მისივე თქმით, "მიხეილ სააკაშვილს ემოციური და მორალური ომი უკვე მოგებული აქვს... მან გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი".

ამავე დრეს, გვიან ღამით, გასაჯაროვდა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საქართველოს საზოგადოებას. 
მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ "პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს მისი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის", ასევე, გამოვიდა ინიციატივით, რომ "უმჯობესი იქნება, რომ მისი 
გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა"
.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ისიც, რომ მომავალ ხელისუფლებაში საკუთარ თავს ვერ ხედავს. 

25 ნოემბერი

დილიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომებზე დასწრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. მან პირდაპირ თქვა, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე.

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინის ელჩის მრჩეველი მივიდა, რომელმაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე. მესამე პრეზიდენტის თქმითვე, სუს-ის მის პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა, დაიწყეს კლინიკაში მყოფი სამედიცინო პერსონალის ტერორი.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში კიდევ ერთხელ მოინახულეს სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა და თქვეს, რომ "ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე ნორმაში მოდის".

ამავე დღეს, ომბუდსმენმა ექსპერტთა ჯგუფის N3 დასკვნა გაასაჯაროვა - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები.

26 ნოემბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ყველაზე სუსტად იყო. მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 29 ნოემბრის პროცესზე დასწრებისთვის დამაბრკოლებელი გახდეს. "ის სასამართლო პროცესს დაესწრება", - ამბობს ბასილაია.

დღესვე, "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიიღო - მარიამ ჯიშკარიანი პროცედურულ
 ხარვეზებზე საუბრობს
.
სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით კი, "პოსტ-შიმშილის პერიოდი 99% გავლილია".

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გორის ჰოსპიტალიდან გამოეხმაურა: "ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია, გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ".

მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უმცროს შვილიშვილთან ერთად მოინაუხლა, "მომეჩვენა, რომ თითქოს, არის გაუმჯობესება".

დღის ბოლოს, რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მისცეს დეპუტატ აკო მინაშვილს, რომელმაც კლინიკის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გზავნილები 
გაახმოვანა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი