
იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონით მხოლოდ ბოლო თვენახევარში გამდიდრდა, საერთაშორისო კომპანია International SOS-ის რეიტინგში, რომელიც COVID-19-ით დაზარალებულ ქვეყნებს ასახავს, საქართველო პირველ ადგილზეა.
აქვე, 2021 საქართველო ახალი, 5 მილიარდიანი ვალით ხვდება.
International SOS-ის ინფორმაციითვე, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც კორონავირუსით მიყენებული ზიანი შეფასებულია, როგორც „ძალიან მაღალი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში"ბიზნეს ოპერაციები მკაცრად შეზღუდული ან დროებით შეუძლებელია. მუშაობს მხოლოდ აუცილებელი ბიზნესი".

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-მდე დავიდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ კი, 30 დეკემბრის მონაცემებით, 3.2795 შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის დასაწყისში 2.8661 იყო.

ხანგრძლივი დავის შემდეგ, ხელისუფლებამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის კონსორციუმთან. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონსორციუმმა დადგენილ ვადებში ვერც ხელშეკრულებით განსაზღვრული კაპიტალის მოზიდვა და ვერც საფინანსო ინსტიტუტებისგან $400-მილიონიან სესხზე წინასწარი თანხმობა ვერ მოიპოვა. კონსორციუმმა კი, სახელმწიფოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პროექტის უმთავრეს კონკურენტს, ფოთის პორტს, მთავრობამ მიწათსარგებლობის ნებართვა მისცა, რაც ნავსადგურის გაფართოების პირველი საფეხურია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, ამ ნაბიჯმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„საქართველოს, სამწუხაროდ, არ სჭირდება ორი ღრმაწლოვანი პორტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ალტერნატივა არ გააჩნია. ძალიან გაურკვევეკლი ქმედებაა, ერთი მხრივ იძახო რომ ახალ ტენდერს ვატარებ, რომ ახალი ინვერტორები მოიძიო და მეორე მხრივ, ნებართვას გაცემას იწყებ მეორე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ინტერესებს", - თქვა ლევან ახვლედიანმა.
ამასთან, ივლისის დასაწყისში, ქერჩის სრუტეში დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონკურენტი ტამანის პორტის მშენებლობა , რაც, ასევე, რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში შედის.
ამ დროისთვის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტზე (მიწების გამოსყიდვას, პროექტირებასა თუ უშუალოდ პორტის ფსკერის დაღრმავებასა და სხვა სამუშაოებში) 74 მილიონი დოლარი (218 მილიონი ლარი) აქვს დახარჯული.
ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ყოფაზეც, რადგან ზღვის ფსკერის ჩაღრმავების მიზნით, მშენებლობის პირველ ეტაპზე ამოღებულმა ქვიშამ ქარიან ამინდში ქვიშის ნისლი წარმოქმნა, რის გამოც, მოსახლეობის უმეტესობას სახლების იძულებით დატოვებაც კი მოუწია.

2020 წლის დასასრულს კი, 21 დეკემბერს, ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენისას ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის შესახებ თქვა, რომ "ოცნებისთვის" ის პრიორიტეტული პროექტი იყო. მისი თქმით, ინვესტორმა ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, ამიტომ ახლა ხელისუფლებას პროცესის ხელახლა დაწყება და ახალი ინვესტორის მოძიება უწევს.
საქართველოში 26 თებერვალს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ქვეყანაში ჯერ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, 21 მარტს კი, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა და სასურსათო დახლებთან რიგები მოჰყვა.

შეზღუდვებმა კერძო სექტორი მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც საქართველოში მოქმედმა ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ მთავრობას თხოვნით მიმართა და კრიზისულ სიტუაციაში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდა.
მათ მოთხოვნებს შორის იყო:
- დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რათა მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს.
- შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა 6 თვის ვადით;
- შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა 6 თვის ვადით;
- გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;
- ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.
თუმცა, მთავრობამ ბიზნეს სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
18 მაისიდან, კერძო სექტორის პროტესტის შემდეგ და ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, თუმცა, მოსახლეობის პროტესტის ახალი მიზეზი დისკრიმინაციული კარანტინი და ხელისუფლების შერჩევითი სამართალი გახდა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, შეკრებებს აგრძელებდა, ეს კი მაშინ, როცა წვეულებების აკრძალვისა და ხალხმრავალი შეკრების შეზღუდვის გამო, ასობით თვითდასაქმებული შემოსავლის გარეშე დარჩა.
თვითდასაქმებულთა ნაწილმა, რთული ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ხელისუფლებისგან გამოყოფილი 300-ლარიანი დახმარების მიღებაც ვერ შეძლო.
სახელმწიფო დახმარების მიღება განსაკუთრებით გაუჭირდათ რეგიონში მცხოვრებ გლეხებს, რადგან მათ, მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც წლებია მათი მოხმარებაშია, საკუთრებად არ ჰქონდათ გაფორმებული. ისინი ვერც საბუთების დროულად მოძიებას და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ახერხებდნენვ პანდემიის გამო შეჩერებული იუსტიციის სახლების გამო. რეგისტრირებული მიწის ფლობა კი, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობა იყო.
ამავე პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია "ვიზეარმა" ქუთაისის ბაზას დახურა."მთავარი არხის" ინფორმაციით, მიზეზი ხელისუფლებასთან უთანხმოება გახდა. კომპანიის თანამშრომლებმაც დააადასტურეს, რომ ხელმძღვანელობამ ბაზის დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ივლისში ფრენების აკრძალვის გამო მიიღო. 29 ოქტომბერს კი, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, თქვა, რომ ავიაკომპანია საქართველოში ბაზას, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აღადგენს.
ზაფხულში აჭარაში მომხდარი ეპიდაფეთქების შემდეგ, ხელისუფლება კვლავ ახალ შეზღუდვებზე ალაპარაკდა. ეტაპობივად გამკაცრდა კონტროლი დახურულ სივრცეებში, შეიზღუდა სოციალური და სარიტუალო ღონისძიებები. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სკოლები და დაიხურა საბავშვო ბაღები.
28 ნოემბრიდან კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და ქუჩაში გადადგილებსაც კი.
მთავრობის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის წყაროს გარეშე კიდევ ერთხელ დატოვა. ახალი შეზღუდვები შეეხო ზამთრის კურორტებსაც - გაჩერდა სათხილამურო კურორტები და საბაგიეროები.
ტურიზმი - ერთერთი სფერო, რომელიც 2020 წელს განსაკუთრებით დაზარალდა და რომელსაც საქართველოს ეკონომიკის 12% უჭირავს. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს და დასაქმებულები სამსახურს დაკარგავენ. ამას ემატება სასტუმრო სექტორის დავალიანება სადისტრიბუციო სექტორის მიმართ, რომელიც 25 მლნ ლარამდეა. ხელისუფლება კი, ამ ეტაპზე, დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევა და ტურიზმის 100%-იან აღდგენას მხოლოდ 2025 წლისთვის პროგნოზირებს.

შეზღუდვების შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაზარალდა სარესტორნო ბიზნესიც - კვების ობიექტების ხელმძღვანელების თქმით, მიტანის სერვისზე მუშაობა წამგებიანი აღმოჩნდა. რესტორნების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას წერილით მიმართეს და პრემიერმინისტრს სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული 300 000-მდე პირის ხელფასის 50%-ის კომპენსაცია, ბანკებთან შუამდგომლობა და ერთი წლით გადასახადებისგან განთავისუფლება სთხოვეს.
28 ნოემბერს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, დაიხურა სავაჭრო ცენტრებიც, ბიზნესის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქართულ ეკონომიკას 6 სავაჭრო ცენტრის დახურვით ყოველდღიურად 10 მლნ ლარი მოაკლდებოდა, რაც ერთი თვის განმავლობაში 300 მლნ ზარალს ნიშნავს. მათი თქმით, შეზღუდვების გამკცრებასთან დაკავშირებით მთავრობას ბიზნესთან წინასწარი შეხვედრაც კი არ ჰქონია.

ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად, ბიზნესმა მთავრობას რეკომენდაციებით მეორედ მიმართა, 10 დეკემბერს კი, საქართველოში მოქმედმა ათმა ბიზნესასოციაციამ პრემიერმინისტრს "ბიზნესის განვითარების საბჭოს" შექმნისკენაც მოუწოდა.
მათი თქმით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს ბიზნეს სექტორმა მნიშვნელოვანი გამოწვევები და დიდი ზარალი განიცადა, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ 2021 წელი ბიზნესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის რთული იქნება. თავის მხროვ, საბჭოს შემქმნის მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართვა იყო.
"ვინაიდან ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ასევე საჯარო და კერძო სექტორების ძალისხმევისა და საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მთავრობას ვთავაზობთ ჩამოყალიბდეს „ბიზნესის განვითარების საბჭო“, რომელიც განიხილავს ბიზნესის მხარდაჭერისათვის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს, რათა მთავრობის მიერ დროულად მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილებები", - წერდნენ ასოციაციები ერთობლივ პეტიციაში.
სავაჭრო ცენტრები საახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე დღით 2020 წლის 24 დეკემბრიდან - 2021 2 - იანვრამდე და ისიც შეზღუდევბით გაიხსნა - 20 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვება, სამუშაო საათები კი 7-დან 7-მდე განისაზღვრა.
შეზღუდვების ამოქმედების პარალელურად, მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ერთგვარი შეღავათებიც დააწესა. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
- 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება;
- ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება;
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 100 ლარს მიიღებს.
- დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას.
- 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
"საერთაშორისო სავაჭრო პალატის" თავმდჯომარის, ფადი ასლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დახმარებებით მოსახლეობას ატყუებს, რადგან მთავრობა გაჭირვებული ადამიანებისთვის იმის 10%–საც არ იმეტებს, რაც საჭიროა. როგორც ფადი ასლი ამბობს, 200 ლარი დღეს 60 დოლარია, მთავრობა კი, 1 მოსახლეზე მოსახლეობას დაახლოებით 10-ჯერ მეტს უნდა აძლევდეს.
"დახმარებები, ეს სრული სისულელეა, უაზრობაა. 200 ლარი დღეს 60 დოლარია, რაც რას ნიშნავს - მაგალითად ამერიკაში ადამიანები რომელბიც ამ პერიოდში კარგავენ სამსახურს, 2500 დოლარს იღებენ დახმარების სახით, გასაგებია, რომ საქართველოს შედარება ამერიკის ეკონომიკასთან არ გამოდის, მაგრამ დავთვალოთ GDP-პერ კაპიტაზე, იმისთვის რომ ჩვენი სიდუხჭირე თუ სიმდიდრე განვსაზღვოთ, მთავრობა ახლა 10-ჯერ მეტს უნდა აძლდევდეს ადამიანებს, ანუ 600$-ს ნაცვლად 60-ისა - ანუ ისინი იმის 10%-საც კი არ აძლევენ ადამიანებს რასაც უნდა ახლა გასცემდნენ, სიმბოლური თანხაც კი არ გამოდის. ეს სირცხვილია, ესაა რასაც აკეთებენ. ისინი არცხვენენ ადამიანებს, ისინი ატყუებენ მათ." – ამბობს ფადი ასლი.
ამასთან, მთავრობამ შეღავათები ბიზნესისთვისაც დააწესა:
- ბიზნეს სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება;
- სესხების გადავადებაში დაეხმარებიან იმ ობიექტებს, ინდმეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ;
- ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები) 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება;
- ტურიზმის სექტორი 2020 წლის 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება;
- რესტორნებისა და სასტუმროების სესხებზე მოხდება სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში.
თბილისი მერის, კახი კალაძის თქმით კი, ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აღებული აქვთ ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ, დეკემბერ-იანვრში იჯარის გადასახადი მოეხსნებათ. მისი თქმით, შეღავათი ქვემოიჯარეებზეც გავრცელდება.
შეღავათების მიუხედავად, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 წელიწადში 86%-ით გაიზარდა. დანაშაულის ფაქტები კი, უმეტესწილად, ქურდობას, ყაჩაღობას და ძარცვას უკავშირდებოდა, რომლის მიზეზიც უკიდურესი გაჭირვებაა.
საზოგადოების გაჭირვების ფონზე, ხელისუფლების არაერთი არაადეკვატური ხარჯი გამოვლინდა, მათ შორისაა შსს-ს მიერ ფარდებში გადახდილი 51 000 ლარი, რომლის შესყიდვასთან დაკავშირებითაც გომელაურის უწყებამ ხელშეკრულება შეზღუდვების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში, 2020 წლის 2 დეკემბერს გააფორმა.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 3 თვეში ასი ათასობით ლარი დახარჯეს კაბინეტებისა და მუზეუმის მოწყობაში პარლამენტმა და საქპატენტმაც. საქართველოს პარლამენტმა 98 000 ლარი საბჭოთა მუზეუმისთვის საჭირო ექსპონატებში, მათ შორის - ფარებში გადაიხადა.
ამასთან, აღსანიშნავია ქვეყნის პირველი პირის, სალომე ზურაბიშვილის ექსკურსიებისთვის გაღებული ხარჯები - ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და კოვიდპანდემიის ფონზე, პრეზიდენტის მოგზაურობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
თბილისის მერიამ კი, პიარში 12 თვეში ოთხი მილიონი ლარი დახარჯა, ქუთაისის მერიამ, ტურისტულ სლოგანში "ქუთაისი ქალაქია" 50,000 ლარი გადაიხადა.
უკვე 2021 წელს კი კოსტავას გამზირზე, ფეხით მოსიარულეებს, კიდევ ერთი უცნაური პროექტი დახვდათ შუა გზაზე, რაც ასევე თბილისის მერიის ხარჯებიდანაა.

2020-ში განსაკუთრებით საინტერესო ჯანდაცვის ხარჯებია პანდემიის დროს - საქართველოს მთავრობა იმ 80 მილიონი დოლარიდან, რომელიც მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან საბრძოლველად მისცა, 1.5 მლნ დოლარად სკუტერებს ყიდულობს და ამას კორონავირუსთან ბრძოლის სპეციფიკით ხსნის. სპეციალისტების თქმით, ხელშეკრულების დადებამდე არ არის არც ფასთა მოკვლევა და არც კონკურენცია, რაც კორუფციულ ნიშნებს აჩენს.
"საქსტატის" 30 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა რომ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ოქტომბრის თვეში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებით, მთავრობამ 1 133.5 მილიონი ლარი დახარჯა, შემოსავალი კი 891.2 მილიონი ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ მთავრობამ შემოსავალზე 242.3 მილიონი ლარით მეტი დახარჯა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 14.6%-ით შემცირდა საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში მან 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია.

ასევე, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17%-მდე გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე.

2020 წელს ფასები საქართველოში საარსებოდ მნიშვნელოვან ყველა პროდუქტზე გაძვირდა. ფქვილის ფასმა 4 ლარით მოიმატა და 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 66 ლარი გახდა. სახელმწიფო სუბსიდირება კი, მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეხო, მცირე მეწარმეები სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩნენ. შესაბამისად, გაძვირდა პურიც - პროდუქტზე ფასმა დაახლოებით 20 თეთრით მოიმატა.
ეკონომისტების აზრით, კოვიდპანდემია და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ყველაზე მეტად, სწორედ, მოსახლეობის საშუალო ფენაზე აისახა.
2021 წლის 3 იანვრიდან კი, ბუნებრივი გაზის ღირებულება კომერციული მომხმარებლებისთვის გაძვირდა. ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით მოიმატებს და ის 1 ლარი და 10 თეთრი გახდება. გაზმა ფქვილი გააძვირა, ფქვილმა - პური, პური ყველაფერს გააძვირებს - ჯაჭვური რეაქცია დაწყებულია.
10 თეთრით გაძვირდა ქვეყანაში ბენზინიც, გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფიც. სემეკის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან მოსახლეობისთვის დენი 3.5 თეთრით გაძვირდება, კომერციული ობიექტებისთვის კი 11-13 თეთრით. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობა დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარფის შორის არსებულ სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის სრულად დაასუბსიდირებს, ამიტომ მოსახლეობის 95% ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობს.
აქვე, "მთავარმა არხმა" და "თავისუფლების მონიტორმა" დენით გამდიდრებული ადამიანების ელიტური კორუფციის სქემა გაშიფრეს და ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინეს, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტორენერგიის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი დგას.
ელექტროენერგიის და ბენზინის ტარიფების ზრდის გარდა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას აანონსებდნენ. მათი თქმით, სეზონური ხილის და ბოსტნეულის ამოწურვის შემდეგ ქვეყანაში მარაგების იმპორტირებული საქონლით შევსების საჭიროება დგება, ეროვნული ვალუტის ინფლაციის პირობებში კი, ფასების მატება გარდაუვალია. ბურღულეული, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი, ხორციპროდუქტები და თევზეული - ეს ის პროდუქტებია, რომელთა ფასებზეც ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე აისახა.

მოსალოდნელია, რომ საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები და მომატებული კომუნალური გადასახადები განსაკუთრებით მძიმედ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებზე აისახება. "გლობალური ინდექსის" 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო შიმშილის რეიტინგში 107 ქვეყანას შორის 26-ე ადგილზეა. ხელისუფლებისგან დავიწყებული ადამიანები - ზოგი ქუჩაში, ზოგი კი, გათბობისა და საკვების გარეშე, არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური საჭიროებების შესაძენად, ხარჯებს გაჭირვებით ანაწილებენ. "ოცნების" მაღალჩინოსნები მათ არსებობას არ იმჩნევენ და არ იჯერებენ. მაგალითად, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ.
"ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე. ეს არასწორი ტერმინია... რეალობას არ ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ", - თქვა დიმიტრი ხუნდაძე ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენაზე.
ამავე აზრზეა ლადო კახაძეც, რომელიც საქართველოში შიმშილით სიკვდილის შემთხვევას ვერ იხსენებს.
"მე მაინც მითხარით, ამხელა გამოცდილება და ამხელა ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს, ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა, კახექსიური, არსებობს თუ არა და ერთი მაგალითი თუ არის", - იკითხა ლადო კახაძემ.
გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული პროდუქტების პირობებში კი, დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა, რომ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებს კვებაზე 1 ბენეფიციარისთვის დღეში ერთი ლარი და 30 თეთრი გამოყოს.
2020 წლის დასასრულს, საქართველოს ეკონომიკა ფუნქციონირებას კვლავ დისკრიმინაციულ პირობებში აგრძელებს - 24 დეკემბერს სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდა - მოლები დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე მუშაობენ, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იხსნება ბაზრობები. არგუმენტად კი, ხელისუფლება იმას ასახელებს, რომ "ბაზრობების ადმინისტრაციას მართვა და პასუხისმგებლობის აღება გაუჭირდება".
ბაზრობის მოვაჭრეების აზრით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შერჩევითი და მიუღებელია, რადგან, მოლებისგან განსხვავებით, ღია სივრცეში ვირუსის გადადების ნაკლები შანსი არსებობს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოვაჭრეები ხელისუფლების დახმარებით ვერ სარგებლობენ და ახლა შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილი.

29 დეკემბერს ერთპარტიულმა პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
ამასთან, 4 მილიონით იზრდება პარლამენტის დაფინანსება და ამ თანხიდან 1,5 მილიონი ხელფასებზეა გათვალისწინებული.
2021 წლისათვის მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით.
ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.
ეკონომისტების თქმით, დღეს ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ საგარეო ვალის 60%-იანი ნიშნული პრობლემა არ არის და ამ მაჩვენებელს, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა.
2021 წლისთვის ეკონომისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ლარი უფრო გაიაფდება, რაც პროდუქციას მეტად გააძვირებს, სიღარიბის მაჩვენებელს კი, გაზრდის. ამასთან, ეკონომისტები შიშობენ, რომ ერთპარტიულ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ჩადების პერსპექტივა საკმაოდ დაბალია. ამ საფრთხეს ემატება 2-თვიანი "ლოქდაუნიც" რის საფუძველზეც სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს საქართველოს არსებულზე დიდი ეკონომიკური კრიზისი ელოდება.
ავტორი: ანა რურუა