კორონავირუსი - სიტყვა, რომელიც 2020 წელს ყველაზე მეტჯერ მოიძებნა Google-ში

გამოქვეყნდა:

სიტყვა, რომელიც 2020 წელს Google-ში ყველაზე მეტჯერ მოიძებნა, კორონავირუსია.

  • 2019 წლის დეკემბერი - კორონავირუსის პირველი შემთხვევა

კორონავირუსი, იგივე COVID-19, პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა. ის ჯერ ქვეყნის შიგნით გავრცელდა, ბოლოს კი მთელს მსოფლიოს მოედო, მათ შორის, 22 დეკემბრამდე კორონავირუსისგან თავისუფალ ერთადერთ კონტინენტს - ანტარქტიდასაც.

COVID-19-მა არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი, არამედ სასაუბრო ენაც შეცვალა. ენობრივად გამყარდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა - ლოქდაუნი, საწოლფონდი, სოციალური დისტანცია, კარანტინი, თერმოსკრინინგი, კლასტერი, მობილობა. უნებლიედ დაგვამახსოვრდა ადამიანებისა და კომპანიების სახელები - ენტონი ფაუჩი, ტედროს გებრეისუსი, ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა... ამასთან, ადამიანების დიდი ნაწილი აუდიტორიებისა და ოფისების ნაცვლად უცბად Zoom-ში აღმოჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის უცნობი ტიპის შემთხვევების შესახებ პირველი ინფორმაცია ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო, 2020 წლის 7 იანვარს კი - ვირუსის შესწავლის შემდეგ - ის კორონავირუსებრთა ოჯახს მიაკუთვნა.

დღემდეა დავა იმაზე, რამდენად დროულად და ზუსტად გადასცა ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სტატისტიკური მონაცემები. 1 დეკემბერს, CNN-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა.

  • 2020 წლის მარტი - კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება

ინფექციის გავრცელების მასშტაბურობიდან გამომდინარე, 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

  • ვირუსის გავრცელების მიზეზები - საზოგადოების აზრი

უამრავი რამ ითქვა COVID-19-ის გავრცელების მიზეზებზე. საწყის ეტაპზე საზოგადოების ნაწილს სჯეროდა, რომ ვირუსის წყარო ღამურა იყო; ბევრი საუბრობდა ვუჰანთან ახლოს მდებარე ლაბორატორიის მანიპულაციებზეც; ზოგიერთი პანდემიის მიღმა დღემდე ხედავს დეპოპულაციურ მიზნებს, თუმცა არც ერთი ეს თეორია დადასტურებული არ არის და მეტიც - მათ დეზინფორმაციის სტატუსიაქვთ.

  • პირველი შემთხვევა ევროპაში 

COVID-19-ის პირველი შემთხვევა ევროპაში 24 იანვარს საფრანგეთში, ბორდოში დადასტურდა. რაც შეეხება კონტინენტზე ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანას, იტალიას, ვირუსი 31 იანვარს რომში ჩინეთიდან ჩასულ 2 ტურისტს დაუფიქსირდა, უკვე 9 მარტს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით "ლოქდაუნი" გამოცხადდა. 

იტალიაში საყოველთაო კარანტინი 18 მაისს დასრულდა. პირველი ტალღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 230 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალიც, მათ შორის, გარდაიცვალა 150-ზე მეტი ექიმი და 40-ზე მეტი ექთანი. საბოლოოდ, მსოფლიოს ყურადღებამ ჩინეთიდან იტალიაზე გადაინაცლა. ამასობაში კი ვირუსი მთელს ევროპას მოედო და პანდემიამ არანაკლებ დააზარალა ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია. 

["ლოქდაუნის" დროს იტალიის ერთერთი სახლიდან გადმოფენილი დროშა წარწერით - "ყველაფერი კარგად იქნება" ("Andrà tutto bene")]

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ვირუსი 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 70 000 პაციენტი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანა 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში 35-ე ადგილზეა, საქართველო კი - მე-9-ზე. 

კორონავირუსი და საქართველო

  • 2020 წლის თებერვალი - პირველი დადასტურებული შემთხვევა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში ირანიდან შემოსულ პირს 26 თებერვალს დაუდასტურდა. ამ დროს, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანა მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიო ათეულში მოხვდებოდა.

მიუხედავად თემის სიმძიმისა, ყველას გვემახსოვრება რამდენიმე მომენტი საქართველოს კორონავირუსული ისტორიიდან; ერთერთი ასეთი იყო ინფექციურიდან გაწერილი ირანელი ტურისტის უკან შებრუნება და საავადმყოფოს თანამშრომლის რეპლიკა "წამო პალატაში, ვერ არის ეს კარგად, ვერ არის" [იხ.ვიდეო].

  •  2020 წლის მარტი - პირველი "ლოქდაუნი"

21 მარტს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მალევე - 23 მარტს - პირველი შიდა გადაცემის შემთხვევა დადასტურდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რასაც მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება მოჰყვა. 30 მარტს კი პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა.

სანამ ვირუსი უშუალოდ საქართველოში შემოაღწევდა, ჩინეთსა და იტალიაში მყოფი ემიგრანტებისთვის ევაკუაცია გამოცხადდა და მათთვის სპეციალური რეისებიც დაინიშნა.

პირველი "ლოქდაუნის" დროს აკრძალული იყო:

  •  მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება;
  • 1 ავტომობილით 3 მგზავრზე მეტის გადაყვანა;
  • მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა თუნდაც ისინი 1 ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ - მაგალითად, დედ-მამა და 2 შვილი ერთად ვერ იმგზავრებდა, ქმარი კი მანქანაში ცოლის გვერდით (ან პირიქით) ვერ დაჯდებოდა;
  • აიკრძალა ყველა ობიექტის მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა; 
  • 3-ზე მეტი ადამიანის ერთდროულად თავშეყრა.

მხოლოდ 3 დღეში ჯარიმების საერთო რაოდენობამ 3,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, რის მიზეზადაც მოსახლეობა არასაკმარისი ინფორმაციის ფლობას ასახელებდა.

თუმცა, მმართველ გუნდთან დაახლოებულმა პირებმა, გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, მაინც მოახერხეს მანქანით ქუჩებში სიარული - საშვისა და დაჯარიმების გარეშე. ასეთი იყო ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც.

გარდა ამისა, "ოცნება" ფულს იმ სასტუმროებში ხარჯავდა, რომელთა მეპატრონეებიც პარტიის მაღალჩინოსნებთან მეგობრობენ - ასე ბუნდოვნად იფლანგება დღემდე უცხოელი პარტნიორებისგან პანდემიასთან გასამკლავებლად გადმორიცხული ფულადი დახმარება.

[თბილისის დაცარიელებული ქუჩები, ფოტოების ავტორი: Nina Yorke]

თავის მხრივ, მასშტაბურმა შეზღუდვებმა და უამრავი ადამიანისთვის სამუშაო ადგილის დაკარგვამ მოსახლეობის დიდი ქალაქებიდან რაიონებში დაბრუნება განაპირობა. გაზრდილი მობილობიდან გამომდინარე, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ.

მარტშივე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, ინიციატივით, დაიწყო ადგილობრივი, მრავალჯერადი პირბადეების დამზადება, რომელთაც მალევე ეწოდათ "ჩაჯვი". ხელისუფლება ამას მოსახლეობას სულ რაღაც 50 თეთრად სთავაზობდა, მეტიც - მთავრობა ამ  “სამკერვალო შედევრით” ამაყობდა კიდეც. 

თუმცა, სამედიცინო ბინტისგან დამზადებული ქართული პირბადეების სანდოობა და ხარისხი მალევე დადგა ეჭვქვეშ. ამასთან, გაირკვა, რომ "იაფად" შემოთავაზებული პირბადის დამზადებას, თურმე, 50 კი არა, 20 თეთრიც არ სჭირდება. 

მიუხედავად ამისა, მალევე "ჩაჯვებად" წოდებულ პირბადეებს,  ვერაფერი დაუწუნა პაატა იმნაძემ:

"მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, როგორი რამეები ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ". 

უხარისხო პირბადეების შემდეგ, მთავრობამ სპეციალური აპლიკაცია - STOP COVID - შეიმუშავა, რომლის მიხედვით, პროგრამას უნდა ეჩვენებინა, ვინ იყო კოვიდინფიცირებული. მასში დიდი ფული დაიხარჯა, თუმცა პირველივე დღეს დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უთხრეს, რომ სერვერი გადაიტვირთა და პროგრამამ ვერ იმუშავა.

გემახსოვრებათ ეკატერინე ტიკარაძის დამხმარე რობოტი პეპერიც, რომელიც პრეზენტაციის დღეს სცენიდან გადავარდა, მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აღარავის უნახავს, ბოლოს კი ადგილი 24 დეკემბრიდან გახსნილ "სითი მოლში" მიუჩინეს - მოქალაქეებისთვის სიცხის გასაზომად.

მთავრობის კიდევ ერთი და დღემდე გაუგებარი "გამოგონება" დისკრიმინაციული კარანტინი იყო - აგვისტოში უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორ კვირიან კარანტინში უშვებდნენ, მაშინ, როდესაც უცხოელები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიოდნენ.

მარტის თვეს კიდევ ერთი გაფლანგული ფულადი რესურსი მიემატა ქუჩების მორეცხვის სახით. დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, "თბილსერვის ჯგუფმა" ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავა - უცნობია მისი შედეგიანობა, თუმცა ვიცით, რომ ჯამში ქუჩების რეცხვაში მერიამ სარეზერვო ბიუჯეტიდან 83 127 ლარი დახარჯა.

  • 2020 წლის მაისი - "ლოქდაუნის" გაუქმება და ეპიდვითარება

29 მაისიდან ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება - აღდგა ტრანსპორტი, გაიხსნა რესტორნები და სავაჭრო ცენტრები. ამ პერიოდში ქვეყანა ვირუსის გავრცელების სტაბილურ დინამიკას ინარჩუნებდა.

[საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის დინამიკა, ყვითლად მონიშნულია 29 მაისი]

ვირუსის პირველი ტალღის დროს, რეგიონში ინფიცირების შემთხვევებით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებოდით სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. სომხეთში 29 მაისისთვის ჯამში 8 676 შემთხვევა იყო დადასტურებული, აზერბაიჯანში კი - 4 989. BBC-მ 6 ივლისს სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, რომელშიც პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე იგულისხმებოდნენ. მოცემულობა რამდენიმე კვირაში შეიცვალა.

გვემახსოვრება "მუშკეტერებიდან“ ერთერთის, პაატა იმნაძის, ცნობილი მიმართვაც, რომელიც 15 აპრილით თარიღდება:

"თქვენგან მეტი არაფერი გვინდა - დარჩით სახლში... თუ არა და, მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში“

3 დეკემბერს კი, მანვე თქვა: "როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი, ვითვლით ახლა?!“

პირველი ტალღის დროს სამახსოვრო იყო პიკიც, რომელზეც ეპიდემიოლოგები რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ სწორედ მომდევნო 2 კვირაში დადგებოდა - მოლოდინმა თვესაც გადააჭარბა. მათ შორის, 30 აპრილს თენგიზ ცერცვაძის თქმით, პიკისთვის მალევე უნდა მიგვეღწია, თუმცა მაისის დასაწყისში "პიკი არ გამოდგა ციცაბო“.

  • კორონავირუსი და ეკლესია

აღსანიშნავია კორონავირუსის საეკლესიო რიტუალებთან შეთავსება, რაც არც თუ მარტივი აღმოჩნდა; მრევლი 19 აპრილს სააღდგომო ლიტურგიას ტაძრებში დაესწრო. ეს მაშინ, როცა, მაგალითად, კათოლიკურ სამყაროში ღვთისმსახურება სასულიერო პირებმა ცარიელ ეკლესიებში ჩაატარეს და ხალხი მას დისტანციურად ადევნებდა თვალს.

მრევლში გაჩენილი გაურკვევლობა, ერთი მხრივ, გამოწვეული იყო ქართული სამღვდელოების მხრიდან კორონავირუსისადმი უნდობლობით, რაზეც ბოლო დროს მამა თეოდორე გიგნაძემ თქვა, რომ მღვდლებს ბოდიში აქვთ მოსახდელი და რომ მიუღებელია, ქრისტიანი კონსპირაციულ თეორიებს აჰყვეს.

აი, რას ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს სასულიერო პირები კორონავიურსზე:

"ნიღაბი არ გვიშველის, ხელთათმანები არ გვიშველის, ღმერთის გარეშე, სულიწმინდის გარეშე, არაფერი არ გვიშველის..." - ამბობდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ჯერ კიდევ მაისში.

"რომ აკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ შეგნებულად და გეგმაზომიერად არის გაკეთებული. 7 მილიარდი კაცი რა დღეში ჩააგდეს... ამოწმებენ, როგორ შეიძლება დედამიწაზე მასების მართვა", - თქვა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას", - ასე ფიქრობდა სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი აგვისტოში.

 "ამ სიცხეში რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მეორე წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მოიმატებს, ან სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს?", - დაინტერესდა მეუფე იაკობი ივლისში.

განხილვის თემა გახდა ბარძიმიდან ერთი კოვზით მრევლის ზიარებაც:

"ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმენა სისხლად, არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია", - ამბობდა კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი.

ზოგიერთი მღვდელმთავარი ეპიდემიას კაცობრიობის სასჯელად აღიქვამს:

"ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, ჩვენი დაშორება ღმერთთან", - თქვა პატრიარქის თანამოსაყრდემ, მეუფე შიომ, 19 დეკემბერს.

"ვერაგია ეს ვირუსი და, ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები", - ეს ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის აზრია, ასევე დეკემბერში გაჟღერებული.

თუმცა ვირუსი, საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ერთად, სამღვდელოებაშიც გავრცელდა; ამჟამად ინფიცირებულია მეუფე იაკობიც.

  • 2020 წლის ზაფხული და შემოდგომიდან მისი სწრაფად გავრცელება

ზაფხულის პერიოდი საქართველოსთვის ეპიდემიოლოგიურად რთული არ აღმოჩნდა. ვირუსის გავრცელება დასტაბილურდა, რამაც აგვისტოს ბოლომდე გასტანა. ინფიცირების შემთხვევების უცაბედი ზრდის მიზეზად მთავრობა გაზრდილ მობილობას ასახელებდა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კი დღემდე ფიქრობენ, რომ ეს მმართველი გუნდის უმოქმედობამ და მოუმზადებლობამ გამოიწვია.

სექტემბრიდან საერთო დადასტურებული შემთხვევების სწრაფი მატება ჩანს  გრაფიკზეც:

სწორედ აქედან იწყება დღემდე მოუგვარებელი პრობლემები - ისევ რთულია 112-თან დაკავშირება, პაციენტები დროულად ვერ ახერხებენ კლინიკებში მკურნალობის დაწყებას, ხშირად დაგვიანებულია დიაგნოსტიკაც. საბოლოოდ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსამდე მივიდა, ეს კი პირდაპირ აისახა კოვიდინფიცირებულების სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. დღემდე სალაპარაკოა ყბადაღებული საწოლფონდი. 

ვირუსი, მეორე ტალღის საწყის ეტაპზე, ყველაზე მეტად აჭარაში გავრცელდა. კერა საკონდიტრო "დონა" და მისი კლასტერი იყო. ოქტომბრის ბოლოდან კი, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების უმეტესობამ თბილისში გადმოინაცვლა; ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბრამდე ინფორმაციას ყოველდღიურ კოვიდსტატისტიკაზე ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია და ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე, გვაწვდიდნენ. ახლა ეპიდვითარებაზე საკოორდინაციო საბჭოს ყოვედლღიური ბრიფინგიდან ვისმენთ. ამას გარდა, სტატისტიკის სანახავად თებერვლიდან ამოქმედებულია ვებგვერდი Stopcov.ge

აქვე გეტყვით, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა. მისი მიზანი - პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით - ადგილობრივი და საერთაშორისო ეპიდვითარების განხილვაა, ბრიფინგზე კი გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის მოსახლეობისთვის გადაცემა.

  • 2020 წლის ნოემბერი - მეორე "ლოქდაუნი"

თვე შეზღუდვების გაფართოებით დაიწყო - 3 ნოემბრიდან ღია სივრცეშიც კი სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

გარდა ამისა, 9 ნოემბრიდან 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 საათიდან კომენდანტი ამოქმედდა, რასაც პირველივე დღეს წინააღმდეგობად სამოქალაქო აქტივიზმი დახვდა. გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველზე შეკრებილმა ადამიანებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და მიუხედავად შეზღუდვისა, არ დაშლილან, რასაც პოლიციის მხრიდან 2 000-ლარიანი ჯარიმები მოჰყვა. მეორე დღესვე საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დასაბუთდა, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება".

მუშკეტერების დიდი წარმატების შემდეგ სურათი შეიცვალა და უკონტროლო ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით "ლოქდაუნი“ უკვე მეორედ დაწესდა - კვლავ შეიზღუდა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, სასწავლო დაწესებულებები. ერთადერთი, რამაც ფუნქციონირება გააგრძელა და დღემდე აგრძელებს, სილამაზის სალონებია.

წინასწარი ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები უნდა შემსუბუქებულიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ისიც, ახალი რეგულაციების ფონზე - 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 1 ადამიანი დაიშვა, ფასდაკლებები კი მხოლოდ დღის განმავლობაში, უმეტესად 14:00 საათამდე ამოქმედდა - ასე გადაწყვიტა მთავრობამ.

ვაქცინაცია - რა ეტაპზეა მსოფლიო და როდის ჩამოვა ის საქართველოში

ვაქცინაზე ფიქრი, ალბათ, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების დღიდან დაიწყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, მის შექმნას უამრავი სამედიცინო ცდა და რესურსი სჭირდება, საწყის ეტაპზე დამაიმედებელი არაფერი გაჟღერებულა.

აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანამ ადგილობრივი ვაქცინის, Sputnik V-ს, წარმოება დაიწყო. მალევე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ რუსული ვაქცინა არაეფექტურია. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ  ის სამეცნიერო კვლევებს დაელოდება და თუ საჭირო იქნება, პარტნიორ კომპანიებთან ერთად მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. 

ზაფხულის განმავლობაში ტესტირების ეტაპზე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის, AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები, რომლებით დღეისთვის მაღალპროცენტიანი ეფექტურობით ხასიათდება; 

ასე მაგალითად: პირველი საიმედო შედეგი Pfizer-ის ვაქცინამ აჩვენა, რომელიც პირველადი შედეგებით 90%-ით, საბოლოოდ კი 95%-ით ეფექტური აღმოჩნდა. ასეთივეა Moderna-ს ვაქცინის შედეგიც.

2 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თქვა, რომ მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის. მართლაც, ქვეყანაში იმუნიზაცია რამდენიმე დღეშივე დაიწყო და პირველი აცრილი პაციენტი 90 წლის მარგარეტ კინანი გახდა.

ბრიტანეთის შემდეგ, Pfizer-ის ვაქცინა აშშ-მაც დაამტკიცა და აცრა 14 დეკემბერს დაიწყო, ევროკავშირი კი იმუნიზაციას 26 დეკემბერს შეუერთდა.  

[ფოტო - გერმანიაში აცრილი პირველი პაციენტი - 101 წლის ქალი]

რაც შეეხება საქართველოს, გარდა კორონავირუსთან არაეფექტური ბრძოლისა, დაგვიანდა სეზონური გრიპის ვაქცინის დროულად და საჭირო რაოდენობით შემოტანაც, შესაბამისად, მოსახლეობისთვის უზრუნველყოფაც.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს ჯანდაცვამ სასუნთქი აპარატების ნაცვლად, ხვრინვის საწინააღმდეგო აპარატები იყიდა - ის არა ჟანგბადის, არამედ ოთახში არსებული ჰაერის ნაკადის წნევით მიწოდებას უზრუნველყოფს. სპეციალისტების შეფასებით, კოვიდპაციენტების სამკურანალოდ ხვრინვის აპარატები გამოუსადეგარი და სარისკოა.

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი რემდესივირი კი - რომლის ეფექტურობაც ბოლომდე დაზუსტებული არ არის - 17 დეკემბერს ჩამოვიდა. თუმცა სანამ პრეპარატი ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნებოდა, კორონავირუსით დაინფიცირებულმა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, თენგიზ ცერცვაძემ, სწორედ რემდესივირით იმკურნალა; ცერცვაძის თქმით, ის საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს. ამას საზოგადოების კრიტიკაც მოჰყვა, რასაც მოგვიანებით ინფექციონისტმა ასე უპასუხა:

"მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს, მითუმეტეს ექიმს, სწამს ამ მედიკამენტის და უნდა, რომ გადაისხას? რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?"

ექსპერტები სახელმწიფოს მიერ რემდესივირში 400 000 ლარის გადახდას აფასებენ, როგორც არამიზნობრივ ხარჯვას, მის გამოყენებას კი, აღიქვამენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ გადაწყვეტილებად, რომლის მიზანიც ხალხზე ექსპერიმენტის ჩატარებაა. ის, რომ "კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება რემდესივირის პრეპარატის გამოყენება" - დაადასტურა თავად ჯანდაცვის მინისტრმაც. 

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ის მარტ-აპრილში იქნება.

მოსახლეობის ნაწილი ვაქცინის ჩამოსვლის მოლოდინშია, ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მას, მსოფლიოს მასშტაბით გაძლიერდა ანტივაქსერული განწყობები. საქართველოს რეალობაში, ალბათ, რთულია, იმუნიზაიცაზე საუბარი, მითუმეტეს მაშინ, როცა ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის ნაწილი - სკოლის მოსწავლეები - დღემდე უინტერნეტოდ არიან დარჩენილი. შესაბამისად, ვერ ესწრებიან გაკვეთილებს და ერთმევათ კონსტიტუციით მინიჭებული განათლების უფლება. მთავრობამ ამის მოგვარებაც ვერ შეძლო.

  • კორონავირუსის ახალი შტამი 1 წლის თავზე

14 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის რამდენიმე ნაწილში კორონავირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი აღმოაჩინესრამდენიმე დღეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, დაწერა, რომ ახალი შტამი ევროპის 8 ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა. 26 დეკემერს კი კონტინენტს მიღმაც - იაპონიასა და კანადაში.

სპეციალისტების თქმით, ყველა ვირუსს ახასიათებს ევოლუცია, რომლის დროსაც ის გენომის ნაწილს იცვლის - ამას ჰქვია ახალი ვარიანტების აღმოჩენა და მასში გასაოცარი არაფერია. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შტამთან გასამკლავებლად არსებული კოვიდრეგულაციების დაცვა კარდინალურია, ვაქცინების მუდმივი გაუმჯობესება კი  - არანაკლებ მნიშვნელოვანი.

  • სად ვართ?

საინტერესოა, ახლა ვირუსის გავრცელების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით - 27 ნოემბერს პაატა იმნაძემ თქვა, რომ "ჯომოლუნგმაზე ავედით“, 12 დეკემბერს, მისივე თქმით, "რავერსზე ვიყავით“, 14 დეკემბერს კი, თავად ინფიცირებულმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ "ახალი შემთხვევების რიცხვი მრუდზე უკვე იკლებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და არავითარი საბაბი თვითდამშვიდების".

ყოველ შემთხვევაში, პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ 2020 ბოლო წელია "პანდემიის დედამიწაზე ბოგინის".

ვნახოთ, რა იქნება 2021-ში. 

 

ავტორი: თინათინ ინაური

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი